ტურისტული პლატფორმა, რომელიც პანდემიის დროს გაიზარდა
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განსაკუთრებით დიდი ზარალი ტურიზმის სფეროს მიაყენა. ტურიზმის ინდუსტრია გასული წლის მანძილზე 80%-ით შემცირდა. თუმცა, მოგზაურთა ჯგუფი რუსეთიდან ამ ცვლილებას არ შეუშინდა და კრიზისის მიუხედავად, თავისი ტურისტული კომპანიის გაყიდვები გააორმაგა. ამ სტატიაში სწორედ ამ ჯგუფის მიერ შექმნილი კომპანიის — Youtravel.me-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც 500 Georgia-ს ფინალისტებს შორის იყო.
Youtravel.me-ს შექმნის შთაგონება დამაარსებლების არასასიამოვნო გამოცდილება გახდა. გუნდის წევრები ყოველთვის აქტიურად მოგზაურობდნენ. მაგალითად, ივან ბორტნიკოვი 38 ქვეყანაშია ნამყოფი. როგორც თვითონ გვიყვება, ერთხელ მან და მისმა მეგობრებმა ჩინეთში გადაწყვიტეს წასვლა, თუმცა საკმარისი დრო არ ჰქონდათ ყველაფრის დასაგეგმად. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, შეეძინათ ტურისტული პაკეტი, რის შედეგადაც ყველაზე ცუდი გამოცდილება მიიღეს და უკან ძალიან იმედგაცრუებულები დაბრუნდნენ.
"ძალიან მოსაწყენი და ცუდად ორგანიზებული ტური იყო, ამიტომ, როდესაც უკან დავბრუნდით, მივხვდით, რომ იგივე პრობლემა მსოფლიოს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს. ადამიანებს, რომლებსაც ჩვენგან განსხვავებით ხშირად არ აქვთ დრო ყველაფრის წინასწარ დასაგეგმად, ასეთი მოსაწყენი პაკეტებით სარგებლობა უწევთ. ისიც გავაანალიზეთ, რომ პატარა ჯგუფებისთვის საკმაოდ საინტერესო ტურების მოწყობა შეიძლება მსოფლიოს გარშემო და ეს ნიშა ჯერ კიდევ აუთვისებელია", — გვიყვება ივან ბორტნიკოვი.
გარკვეული ხნის ფიქრის და ანალიზის შედეგად, მეგობრებმა გადაწყვიტეს, მოეფიქრებინათ გამოსავალი და ყველასთვის გაგვეცნოთ ტურების ასეთი ფორმატი. სწორედ აქედან გაჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა.
სტარტაპი სამმა ადამიანმა დააარსა. ისინი ერთმანეთს უკვე 10 წელზე მეტია იცნობენ. Youtravel.me-ს მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ოლგას, MICE (Meetings, Incentives, Conferencing, Exhibitions — შეხვედრები, წამახალისებელი ღონისძიებები, კონფერენციები, გამოფენები) ღონისძიებების დაგეგმვაში 5 წელზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს. მას აქამდე 100-ზე მეტი დიზაინ პროექტი აქვს განხორციელებული. ივანი, კომპანიის მთავარი ტექნიკური ხელმძღვანელი, IT სფეროში 8 წელზე დიდი ხანია მუშაობს და იგი რუსეთის ყველაზე წარმატებული ვებ დეველოპერული კომპანიის — AGIMA-ს მთავარი ტექნიკური ხელმძღვანელი იყო. ივან ბორტნიკოვი კი, მთავარი კომერციული ხელმძღვანელი, 6 წელია რაც B2B სფეროში მუშაობს და 3 წლიანი გამოცდილება აქვს ციფრულ მარკეტინგში.
დამატებით, სამივე მათგანი აქტიურად მოგზაურობს და სტარტაპის შექმნის დღიდან მათ უკვე 50-ზე მეტი საერთაშორისო ტურის ორგანიზება მოასწრეს. მათ შორისაა ისეთი სპეციფიური ტურები, როგორიცაა, მაგალითად, სნოუბორდინგის ტური.
რაც შეეხება სტარტაპის განვითარების ეტაპებს, პლატფორმაზე ყოველთვიური მომხმარებლების რიცხვი უკვე 140 000-ია. აქ უკვე 10 000-ზე მეტ შემოთავაზებულ ტურს იხილავთ.
"ძალიან სწრაფად ვიზრდებით — თვიდან თვემდე 20% ზრდა გვაქვს. 500 Georgia აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში ჩვენ მთავარ მიზანსაც მივაღწიეთ — გავედით გლობალურ ბაზარზე. ცოტა ხნის წინ აშშ-ში განვახორციელეთ პირველი გაყიდვები, რაც ძალიან გვიხარია".
გუნდის წევრებმა ახლახან მობილური აპლიკაციაც შექმნეს და მუდმივად მუშაობენ მის დახვეწაზე. აქ მომხმარებლები თავიანთი ინტერესების, წარსული გამოცდილებისა და ღირებულებების მიხედვით შეძლებენ საუკეთესო ტურების შერჩევას. Youtravel.me-ს გუნდი ახლა უკვე 20-ზე მეტი ადამიანისგან შედგება და როგორც ივანი გვიყვება, განვითარებაში მათ აქსელერაციის პროგრამები განსაკუთრებით დაეხმარა.
"მსოფლიოში დღეს სტარტაპების განვითარებისთვის ცვალებადი გარემოა. პანდემიის დროს ტურიზმის ინდუსტრია გასულ წელს 80%-ით შემცირდა, ჩვენი კომპანია კი, კრიზისის მიუხედავად, ძალიან გაიზარდა ამ მოკლე დროში და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. ახლა სათავგადასავლო მოგზაურობები ამ სფეროში ყველაზე სწრაფად აღდგენადი სეგმენტია და დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ, რამენაირად იმოგზაურონ და ხალხით გადატვირთულ ადგილებსაც ააცილონ თავი ერთდროულად. მცირე ჯგუფებთან ერთად მოგზაურობა პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხო ხერხს წარმოადგენს ამ სფეროში".
როდესაც ივანს კონკურენტებზე ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ Youtravel.me ერთადერთი კომპანიაა, რომელიც P2P ბიზნეს მოდელს ქმნის.
"ჩვენ გვჯერა ადამიანური კავშირებისა და ურთიერთობების. ვმუშაობთ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, რითაც ვცდილობთ, მომხმარებლებს მგზავრობის ღირებულების დაახლოებით 30%-ის დაზოგვაში დავეხმაროთ. მეტიც, გვაქვს ჩვენი კავშირები, რომლითაც ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, პირდაპირ დაუკავშირდნენ გიდებს. ასევე ვიყენებთ ალგორითმს, რომლითაც მომხმარებლებს ინტერესების, ღირებულებისა და წარსული გამოცდილების საფუძველზე სწორედ მათზე მორგებულ ტურებს ვთავაზობთ".
დამფუძნებლები 2021 წლის განმავლობაში კომპანიის გაზრდასა და აშშ-სა და ევროპის ბაზრის უკეთ ათვისებას გეგმავენ. მათი აზრით, Youtravel.me-ს უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ადამიანური ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას, მათ შორის გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ მათ თავიდან შექმნეს მცირე ჯგუფების ტურიზმის ახალი მოდელი და გახადეს იგი ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო მეტად ორიენტირებული.
Youtravel.me-მ 500 Georgia-ს დახმარებით განვითარების საინტერესო გზა განვლო და მისი გუნდი კიდევ ბევრი წარმატების მიღწევას ისახავს მიზნად.
"გვჯერა, რომ სტარტაპ პროექტების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ამბიციების ქონა, რადგან მხოლოდ ამბიციურ პროექტებს შეუძლიათ განვითარება და წარმატების მიღწევა. ჩვენ მართლა გვინდა, რომ სამყაროში რამე უკეთესობისკენ შევცვალოთ და გვჯერა, რომ შევძლებთ კიდეც ამას!"
კომენტარები