აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი სამხედრო მიზნებისთვის რეაქტიული მფრინავი კოსტიუმების გამოყენებას გეგმავს.

2 მარტს, თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA) ოფიციალურად განაცხადა, რომ "პორტატული საჰაერო სისტემების" შექმნაზე მუშაობს.

"მსგავსი სისტემები მტრის ტერიტორიაზე შეღწევას გაადვილებს. ჯარისკაცებს საჭირო ადგილას დაშვება სადესანტო თვითმფრინავების გარეშე შეეძლებათ", — ამბობენ DARPA-ში.

ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჯარისკაცები რეაქტიულ მფრინავ კოსტიუმებს გამოიყენებენ და ნებისმიერ ადგილას დაშვება "გადამყვანის" გარეშე შეეძლებათ.

მეტიც, DARPA მხოლოდ რეაქტიული საბრძოლო კოსტიუმების შექმნაზე არ ფიქრობს. მათ სურთ შექმნან სპეციალური მფრინავი კოსტიუმები, რომლებსაც ფრთები და პლანერებიც ექნებათ. როგორც ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პერსონალური საჰაერო შეიარაღება სამართავად მარტივი იყოს.

ფინანსები

საწყის ეტაპზე DARPA კონტრაქტორებს 225 ათას დოლარს უკვე სთავაზობს. შემდეგი ეტაპისთვის კი, დამატებითი ფინანსები გამოიყოფა და ტექნოლოგიის გამოცდა დაიწყება.

ამის შემდეგ, უკვე მანდალორელის სამყაროდან გადმოსულ ჯარისკაცებს უნდა ველოდოთ. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მსოფლიოს რომელიმე შეიარაღებული ძალა რეაქტიულ მფრინავ კოსტიუმებს ბრძოლაში გამოიყენებს.

თუ ცდებმა წარმატებით ჩაიარა, რეაქტიული კოსტიუმებით მფრინავი ადამიანების დანახვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.