სახლის ეზოდან გადაღებული მზის ეს ფოტო აქამდე არსებულ ვარსკვლავის არც ერთ ფოტოს ჰგავს
რედიტის მომხმარებელმა TheVastReaches ერთი დღის წინ გამოაქვეყნა მაღალი გარჩევადობის მქონე და კარგად დამუშავებული ფოტო, რომელზეც მზის ზედაპირს ვხედავთ. გასაკვირი ისაა, რომ ფოტო არა რომელიმე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობსერვატორიიდან, არამედ მომხმარებლის ეზოდან არის გადაღებული.
"ეს ფოტო ჩემი ეზოდან გადავიღე მზის ტელესკოპით", — წერს TheVastReaches თავის პოსტში.
TheVastReaches-ის მიხედვით, ფოტოზე კარგად ჩანს მზის ქრომოსფეროს ტურბულენტური ბუნება. როგორც იცით, ქრომოსფერო მზის ატმოსფეროს სამი მთავარი ფენიდან მეორეა.
"ამ ტიპის ფოტოგრაფია ძალიან საინტერესო გამოწვევაა, რასაც ქვედა ფენიდან — ფოტოსფეროდან მომავალი ინტენსიური სინათლე განაპირობებს", — წერს მომხმარებელი. "მზის სურათები კონტრასტისთვის ყოველთვის პროგრამითაა დამუშავებული, მე კი ეს პროცესები იქამდე შევასრულე, სადამდეც შევძელი".
მზის ზედაპირის მაღალი დეტალურობის გარდა, მომხმარებელი ხაზს უსვამს, რომ ფოტოზე, კიდესთან ახლოს, შეგიძლიათ დაინახოთ მზის მასიური ლაქა, რომელიც "საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მთელი დედამიწა გადაყლაპოს!"
მიუხედავად იმისა, რომ TheVastReaches-მა ამ ფოტოს გადაღება საკუთარი ეზოდან შეძლო, იგი ამ საქმისთვის საკმაოდ ძლიერ და ძვირადღირებულ მოწყობილობებს იყენებდა.
მის მიერ ჩამოთვლილ აღჭურვილობაში შედის Explore Scientific AR152, Daystar Quark Chromosphere, ASI174MM-Cool და Celestron AVX. გამოშვების დროს რომ გეყიდათ, ეს ყველაფერი დაახლოებით 4 000 დოლარი დაგიჯდებოდათ.
თუმცა, ასეთი მაგარი ჰობისთვის, ალბათ, ღირს კიდეც ამდენის გადახდა — ბოლოსდაბოლოს, იგი NASA-ს 10 მილიარდის ღირებულების ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე იაფი მაინც არის.
კომენტარები