AMD-ის ახალი ვიდეობარათი, RX 6700 XT დაანონსდა
AMD მომხმარებლების აზრს ითვალისწინებს. მათი ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეობარათების, RX 6800-ისა და RX 6800 XT-ის შეძენა დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა თუ სადმე გასაყიდს მაინც იპოვით, მაშინ ორჯერ ან სამჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ.
გუშინ AMD-მ ახალი, RX 6700 XT დააანონსა და დაგვპირდა, რომ ზემოაღნიშნულ რეალობას შეცვლიან და გამოსვლის თარიღისათვის ვიდეობარათების დიდი რაოდენობა იქნება ხელმისაწვდომი. რამდენად შეცვლის ეს ყველაფერი დღევანდელ ბაზარზე არსებულ სიტუაციას ჯერ არ ვიცით. კრიპტოვალუტების ფასის ზრდის გამო, ვიდეობარათებზე მოთხოვნა კოლოსალურადაა გაზრდილი.
"გაყიდვების დაწყების დროს, ჩვენ RX 6700 XT-ების დიდი მარაგი გვექნება" — განცახადა AMD-მ The Verge-თან საუბრისას. AMD კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. კომპანიის თქმით, ისინი ყოველ კვირას განაახლებენ RX 6000 სერიის ვიდეობარათებისა და Ryzen 5000 პროცესორების მარაგს თავიანთ საიტზევე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საწყის ფასში იქნება ხელმისაწვდომი. ამ ყველაფერს მომხმარებლები ორი თვეა ელოდებიან.
ახალი RX 6700 XT ოფიციალურად 18 მარტს გამოვა და მისი ფასი 479 დოლარი იქნება.
თუ ამ ქაოსურ პერიოდს ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ AMD-ის ახალი ვიდეობარათი დახლებზე Nvidia-ს RTX 3070-სა ($500) და RTX 3060 Ti-ს ($400) შორის აღმოჩნდებოდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ვიდეობარათების შოვნა დღეს საკმაოდ ძნელია და ეს Nvidia-საც ეხება. ვერცერთ ზემოხსენებულ ვიდეობარათს საწყის ფასში დღეს ვერ ნახავთ.
AMD-ს თქმით, RX 6700 XT იქნება საუკეთესო ვარიანტი იმ გეიმერთათვის, რომლებსაც თამაში 2K (1440p) გაფართოებაში სურთ.
თუ მოცემულ ტესტებს დავუჯერებთ, ვნახავთ რომ RX 6700 XT წარმადობით RTX 3070-სა და RTX 3060 Ti-საც ჯობია. თუმცა რეალურ ტესტებს მაშინ ვიხილავთ, როცა პირველი ვიდეობარათები მომხმარებლებამდე ან თუნდაც იუთუბერებამდე მიაღწევს.
AMD-ის დაპირებები ნამდვილად კარგად ჟღერს. ასეთი წარმადობისათვის ფასიც ნორმალურია, თუმცა საბოლოო პრობლემად მაინც რაოდენობა რჩება.
კომენტარები