მეცნიერებმა ღორებს, ჯოისტიკის გამოყენებით, ვიდეოთამაშების თამაში ასწავლეს
ცნობილია, რომ ღორები, ბევრ სხვა ცხოველთან შედარებით, მეტად გონიერები არიან. ახლა აღმოჩნდა, რომ ღორის გარკვეულ სახეობებს მეტიც შეუძლიათ. ამერიკული იორკშირის და პანეპინტოს ჯიშის ღორებს შთამბეჭდავი ქცევითი და გონებრივი შესაძლებლობები ჰქონიათ. ამაზე მეტყველებს კვლევა, სადაც მათ დინგით ჯოისტიკის გამოყენება და კომპიუტერული თამაშების თამაში ისწავლეს.
კვლევა Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნდა, რომელშიც ოთხი ღორი, ჰამლეტი, ომლეტი, ებონი და ივორი, მონაწილეობდა.
კვლევის მიზანი იყო გაეგოთ, თუ რა შეუძლია ცხოველს და რამდენად შორს მიდის მისი გონებრივი შესაძლებლობები. ამას გონების ევოლუციაზე დიდი ინფორმაციის მოცემა შეუძლია.
რა მოხდა კვლევის დროს
ექსპერიმენტის პირველი ნაწილის ფარგლებში, ღორებს, კომპიუტერის მონიტორის წინ, დინგით ჯოისტიკის გამოყენება ასწავლეს. ამის შემდეგ, მათ ჯოისტიკით მონიტორზე კურსორის მოძრაობა შეძლეს. კვლევაში ნათქვამია, რომ ღორებმა ამ ყველაფრის ათვისება შეძლეს და მოახდინეს დემონსტრირება, რომ მათ თამაშის პრინციპები ესმით.
"ცხოველისთვის არც თუ ისე მცირე საქმეა იმის გააზრება, რომ მისი ქცევა სხვაზე გავლენას ახდენს. კვლევა აჩვენებს, რომ ღორებს ამის გაკეთება ნებისმიერ დონეზე შეუძლიათ. ახლა მნიშვნელოვანია, ღორებზე კიდევ უფრო მეტი გავიგოთ." — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორ კანდის ქრონი.
კვლევის ავტორებმა ღორების მომზადების დროს, საკვები როგორც სტიმული ისე გამოიყენეს. თამაშის ათვისების შემთხვევაში, მათ საკვებით აჯილდოებდნენ. თუმცა, როდესაც ღორებმა თამაში აითვისეს, ისინი მასწავლებლების სიტყვიერი მინიშნებების მიხედვით მოქმედებდნენ და სანაცვლოდ საკვები აღარ სჭირდებოდათ. აღმოჩნდა, რომ ღორებზე მხოლოდ სიტყვიერი წახალისებაც მოქმედებდა.
კვლევა მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ იძენენ ინფორმაციას ღორები და როგორ ვმოქმედებთ ჩვენ მათზე.
"ჩვენი მიზანია გავუგოთ ცხოველებს, კონკრეტულ შემთხვევაში ღორებს, და მათ კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ. ასევე, ჩვენ ვცდილობთ ღორების უნიკალურობა უკეთ გავიაზროთ. ამით ადამიანებსაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია." — ამბობენ მკვლევრები.
ეს იმას ნიშნავს, რომ ღორები იმაზე ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კომენტარები