როგორც ჩანს, მკვლევრებმა დეპრესიის სამკურნალოდ ახალი საშუალება აღმოაჩინეს — ტვინის ღრმა სტიმულაცია.

წლების განმავლობაში, დეპრესიის სამკურნალოდ ექიმები სხვადასხვა სისტემებს იკვლევდნენ. ახლა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ელექტროსტიმულაცია დეპრესიის დასამარცხებლად ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს. კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

"დეპრესიის სამკურნალოდ ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. თავიდან ამ მეთოდზეც ვფიქრობდი, რომ არ იმუშავებდა. თუმცა, სულ მალე უკეთ გავხდი. უკვე წლებია რაც არ გამიცინია. თუმცა, მკურნალობის შემდეგ, მალევე ვიგრძენი სიხარულისა და ბედნიერების მონატრებული გრძნობა და სამყარო მუქი ნაცრისფერიდან, ისევ განათდა", — განაცხადა მძიმე დეპრესიის მქონე 36 წლის ქალმა, რომელიც ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას.

კვლევისას ექიმებმა გამოავლინეს ტვინის სამი რეგიონი, რომელზე მანიპულაციითაც დეპრესიის შემსუბუქებაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ათ დღიანი კვლევის შემდეგ, პაციენტს ექვსი კვირის განმავლობაში დეპრესია აღარ აღენიშნებოდა.

ახლა პაციენტი ტვინის იმპლანტიდან იღებს მსგავს სტიმულაციას, რომელიც ტვინზე საჭიროებისამებრ რეაგირებს. თავად პაციენტის თქმით, იმპლანტის გამოყენების შემდეგ, ის ცხოვრებისგან სრულ სიამოვნებას ღებულობს.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში შეუმჩნეველი ნეირომოდულაციის საშუალებით, შესაძლებელი გახდება პაციენტების დეპრესიისგან განკურნება", — ამბობს კვლევის თანაავტორი და ფსიქიატრი კეტრინ სკანგოსი.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჯერ მხოლოდ ერთი ადამიანი მონაწილეობდა, რაც მის შედეგებს ნაკლებსარწმუნოს ხდის. მომავალში მეცნიერები რამდენიმე მოხალისის მკურნალობას გეგმავენ.

"ჩვენი კვლევა ნოვატორული იქნება, რადგან კვლევაში მონაწილე ყოველ ადამიანს საჭიროებისამებრ განსხვავებულ და პერსონალურ მკურნალობის მეთოდს შევთავაზებთ. ტვინის იმპლანტი ამის საშუალებას იძლევა", — ამბობენ მკვლევრები.