გავრცელებული ინფორმაციით, LG-იმ შესაძლოა სმარტფონების წარმოება შეწყვიტოს
LG ბოლო წლების განმავლობაში იბრძოდა სმარტფონების ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. ის ცდილობდა ინოვაციებით კონკურენცია გაეწია სხვა მოწინავე ბრენდებისთვის. ამ მიზნით მან ბოლო დროს ინოვაციური და საინტერესო ტელეფონები გამოუშვა, როგორიცაა LG Wing 5G და LG Rollable. თუმცა, ახლა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია სმარტფონების წარმოებას აღარ გააგრძელებს.
ამის შესახებ Korea Herald–მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც განხილულია კომპანიის გენერალური დირექტორის, კვონ ბონ–სეოკის მიერ, თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი. მიუხედავად იმისა, რომ მასალაში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ LG ნამდვილად უარს ამბობს სმარტფონების ბიზნესზე, ცნობილია კომპანიის მომავალი გეგმები: "კომპანია განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს, მათ შორის სმარტფონების ბიზნესის შეჩერებას, ან შემცირებას", — ნათქვამია Korea Herald-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გვესმის სიახლეები იმის შესახებ, რომ LG-მ შეიძლება დატოვოს სმარტფონების ბაზარი. რამდენიმე დღის წინ, LG-ის კორპორატიული კომუნიკაციების გლობალურმა ხელმძღვანელმა — კენ ჰონგმა ამ ჭორებს "სრულიად ყალბი" უწოდა.
StatCounter–ის თანახმად, სმარტფონების ბაზარზე LG-ს წილი დეკემბერში მხოლოდ 1,7% იყო. რეალურად, რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მთავარი მოთამაშეა ბაზარზე, მაგალითისთვის Samsung და Apple არიან ლიდერები პრემიუმ და მაღალფასიან სმარტფონებში, ხოლო LG-ის მათთან კონკურენცია უჭირს. გარდა ამისა, LG-ის ასევე უჭირს გაუწიოს კონკურენცია იმ ბრენდებს, რომლებიც ბიუჯეტურ სმარტფონებს აწარმოებენ.
მიუხედავად გავრცელებული ჭორისა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ, ამიტომ LG–ს მიერ სმარტფონების წარმოების გაგრძელების იმედი ჯერ კიდევ არსებობს.
კომენტარები