ინდონეზიაში უძველესი ნახატი აღმოაჩინეს
დიდი ხნის მანძილზე უძველესი მხატვრობის ნიმუშად სულავესის რეგიონის გამოქვაბულში არსებული ნახატი მიიჩნეოდა, რომელიც მინიმუმ 43 900 წლის წინ დაიხატა. თუმცა, არქეოლოგების გუნდმა, რომელმაც მას მიაგნო, ცოტა ხნის წინ იმავე რეგიონში ახალი აღმოჩენა გააკეთა.
კირქვის კედელზე შესრულებული ტახის ნახატი მინიმუმ 45 500 წლისაა, თუმცა შესაძლებელია, რომ ის 60 000 წლის წინ დაიხატა. აღნიშნულ ნახატზე, ტახის უკანა კიდურებთან ადამიანის ხელის ანაბეჭდიცაა დატოვებული. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ჰომო საპიენსის ხელია და არა მონათესავე დენისოვანების. ამის დასაზუსტებლად მეცნიერები ანაბეჭდიდან დნმ-ის მასალის შეგროვებას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ გარეული ტახის ნახატის ხილვა მხოლოდ მშრალი სეზონის დროს არის შესაძლებელი, სხვა დროს გამოქვაბულების სისტემა იტბორება და მიუღწეველია. ადგილობრივმა ბუგისის საზოგადოებამ, როგორც ჩანს ამ ნახატის არსებობის შესახებ იცოდა, თუმცა პატარა დასახლება დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულია, ამიტომ ნახატის შესახებ მხოლოდ ახლახანს გავიგეთ.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები