ფინტექი, ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესის მომავალი — ინტერვიუ ჯანლუიჯი დავასთან
ტექნოლოგიები ვითარდება და ეს პროცესი გაჩერებას ჯერ ნამდვილად არ აპირებს. პირიქით, პროგრესი სულ უფრო კრეფს სიჩქარეს. ამის ფონზე, ბიზნესის ნებისმიერი სფერო საჭიროებს ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ბიზნესისთვის, ისევე როგორც მომხმრებლისთვის, მიწოდება-მოხმარებას უფრო გამართულსა და კომფორტულს ხდის. ამ ყველაფერში დიდ როლს, თუ არა გადამწყვეტს, ფინტექი ასრულებს.
ფინანსური ტექნოლოგია, იგივე ფინტექი, ინოვაციურ ტენოლოგიებს აერთიანებს და კონკურენციას უწევს ტრადიციულ ფინანსურ მეთოდებს. ეს პროგრესირებადი ინდუსტრიაა, რომელიც იყენებს ტექნოლოგიას ფინანსური საქმიანობის გასაუმჯობესებლად; იქნება ეს სმარტოფნების გამოყენება მობილური ბანკინგისთვის, კრიპტოვალუტის გამოყენება, თუ ნებისმიერი სხვა. ფინტექ კომპანიები შედგება როგორც სტარტაპებისგან, ასევე დამკვიდრებული ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისაგან. ისინი ცდილობენ შეცვალონ, ან გააძლიერონ არსებული კომპანიების მიერ მოწოდებული ფინანსური მომსახურების ხარისხი.
სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობს DataFest Tbilisi 2020-ის ერთ-ერთი სპიკერი — ჯანლუიჯი დავასი, რომელიც პროფესიით კომპიუტერული ინჟინერია. ის წარმოშობით იტალიიდანაა. სწავლის დასრულებისთანავე, რამდენიმე წლით ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩამოუყალიბდა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის უნარ-ჩვევები. ამის შემდეგ, 2014 წელს, ის ბერლინში გადასახლდა, სადაც უკვე ფინტექის სამყაროში ამოყო თავი. მისი საქმიანობა საბანკო სფეროს, ხელოვნურ ინტელექტსა და ფინტექს მოიცავს.
ჯანლუიჯიმ ფინტექ პროდუქტების ტექნიკური პლატფორმების შექმნით და გადახდების მენეჯმენტით დაიწყო. ამ გამოცდილების შემდეგ, ის სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი კომპანია დააარსა.
დღეს ჯანლუიჯი დავასი Faire.ai–ის აღმასრულებელი დირექტორია. Faire.ai არის ფინტექ კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია სამომხმარებლო კრედიტის ავტომატიზაციაში, ის იყენებს ღია საბანკო მომსახურებას (PSD2), როგორც მონაცემთა წყაროს და ასევე იყენებს მანქანურ დასწავლასა და ხელოვნურს ინტელექტს მომხმარებელთა რისკის მოდელების შესაფასებლად.
ჯანლუიჯის თქმით, — "ფინტექი მოიცავს პროგრამებს, აპლიკაციებსა და ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს. როდესაც ამ სფეროზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ფაქტორიც. ფინტექის ინდუსტრიაში გამოყენებული ტექნოლოგიები ხშირად ხელოვნურ ინტელექტს, დიდ მონაცემებს და პროცესების რობოტულ ავტომატიზაციას ითხოვს."
და მაინც, რა კავშირი აქვს ხელოვნურ ინტელექტსა და ფინანსებს? ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შეიძლება გამოყენებული იქნას საფონდო ბირჟის ცვლილებების პროგნოზირებისთვის. ის გამოიყენება მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებისთვის, რაც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინდუსტრიებს უკეთ გაუგონ თავიანთ მომხმარებლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიებს ბანკები სულ უფრო ხშირად იყენებენ და ეს ყველაფერი მომსახურების დასახვეწად ხდება.
ჯანლუიჯი თავის საქმიანობაზე ქრონოლოგიურად მოგვიყვა. მან მოგვითხრო თუ როგორ მოხვდა ფინტექის სამყაროში.
"ფინტექის სფეროში ჩემი კარიერა ბერლინში დაიწყო, როდესაც შევუერთდი ახლადშექმნილ ბანკს, სახელწოდებით N26. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან მან დამანახა ფინტექის უსაზღვრო პოტენციალი და ეს ყველაფერი ბიზნეს სფეროში. ფინტექს შეუძლია ისეთი სფეროები დააკავშიროს ერთმანეთთან, რაც, ერთი შეხედვით, რთული წარმოსადგენია. ფინტექი ერთმანეთთან აკავშირებს ტექნოლოგიებს, პროდუქტს, მარკეტინგს, ანალიზს, დიზაინს, კომუნიკაციასა და თავისთავად, ბიზნესს",— გვითხრა ჯანლუიჯი დავასმა.
ჯანლუიჯიმ ისიც განგვიმარტა, თუ რატომ აირჩია ფინტექი თავისი საქმიანობის სფეროდ:
"შეკითხვაზე თუ "რატომ ფინტექი" ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს არის ინოვაციების და სიახლეების სფერო. და რაც მთავარია, აქ არასდროს მოიწყენ."
როდესაც ვსაუბრობთ ფინტექზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი, უშუალოდ, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ხედავენ ადამიანები თავის ფინანსურ ცხოვრებას. ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანების ქცევაც შეცვალა. შეიცვალა ფულის მოხმარების ფორმებიც. ამ მხრივ, თავისი როლი კორონავირუსის პანდემიამაც ითამაშა, როდესაც დისტანციური გადახდები და მომსახურება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ამით ჩვენ კიდევ უფრო დავინახეთ ახალი აპლიკაციებისა და პროგრამების საჭიროება.
გარდა ამისა, გლობალური ეკონომიკა სამჯერ აღემატება 2000 წლის ეკონომიკას. და რაც მთავარია, ახლა ის ბევრად უფრო ინტეგრირებულია და ურთიერთდაკავშირებულია ტექნოლოგიისა და ფინტექის წყალობით. როგორც ვხედავთ, ფინანსები ყველას გვეხება, მაგრამ ბევრმა არ იცის, თუ როგორ მუშაობს ეს ინდუსტრია. ჯანლუიჯის თქმით, ფინტექმა ადამიანებს საფინანსო ინდუსტრიებთან ურთიერთობა უნდა გაუმარტივოს.
"ნებისმიერ ფინანსურ ინსტრუმენტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. აქედან გამომდინარე, ფინტექის როლი არის ხალხისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ ფინანსური ინსტრუმენტების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მაგალითისთვის, კრედიტი თავისთავად არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ღია შესაძლებლობების შექმნა და ადამიანის ცხოვრების შეცვლა, მას შეუძლია ადამიანს დაეხმაროს. ამავე დროს, კრედიტის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შედეგები შეიძლება იყოს ძალიან უარყოფითი.
უფრო მეტიც, კონსერვატიული ბანკები მომხმარებელს ნაკლებად აწვდიან მსგავს ინფორმაციას. ამის ფონზე, ფინტექის როლია, გახადოს ხელმისწავდომი ფინანსური ინსტრუმენტები ხალხისთვის, განუმარტოს მათ დეტალები და უზრუნველყოს მომხმარებლის ნდობა", — ამბობს ჯანლუიჯი.
საინტერესოა, თუ რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ფინტექზე, ან სულაც პირიქით, რა დაუპირისპირა ფინტექმა პანდემიას.
ჩვენ დავინახეთ, რომ 2020 პარადიგმების ცვლის წელი გამოდგა. პანდემიამ და შედეგად გამოწვეულმა ჩაკეტვებმა ადამიანებს კითხვები გაუჩინა, თუ რა შეიძლება იყოს მათი ფინანსური უზრუნველყოფის ალტერნატივები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ეკონომიკა ზარალდება, როდესაც ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს, "ფულის" აღქმის კონცეფციაც იცვლება. ადამიანებს კიდევ უფრო დასჭირდათ უნაღდო გადახდა და ახალი აპლიკაციების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს, საფინანსო ინდუსტრიაც ახალი ტექნოლოგიებისკენ კიდევ უფრო გადაიხარა.
"კორონავირუსის პანდემიამ ფინტექის საჭიროება კიდევ უფრო დაგვანახა. ზოგადად, ტექნოლოგია ეს ის ინსტრუმენტია, რაც ადამიანებს გასაჭირში ეხმარება და მომავალში კიდევ უფრო დაეხმარება", — ამბობს ჯანლუიჯი დავასი.
ფინტექის მნიშვნელობა ჯალუიჯის საქმიანობითაც შეგვიძლია დავინახოთ. ჩვენ უშუალოდ მის კომპანიაზე — Faire.ai-ზეც ვისაუბრეთ. როგორც ჯანლუიჯიმ გვითხრა, Faire.Ai-ს დაარსებამდე, მას ბანკის შექმნის მცდელობები ჰქონდა. სწორედ ამ მიზნით, მან მექსიკაში კიდევაც დააფუძნა ბანკი, თუმცა, შემდეგ ამ პროცესმა ფინტექის მნიშვნელობა საბოლოოდ გაააზრებინა.
"მახსოვს ევროპაში დავბრუნდი და დავფიქრდი, რატომ უნდა შევქმნა საკუთარი ბანკი, როდესაც ევროპაში გვაქვს ღია ბანკინგი და PSD2? აი, ასე დაიწყო ჩემი ბიზნესი. ახლა მე ფინტექ კომპანია მაქვს, რომელიც ერთობლივად ემსახურება ბანკსაც და მომხმარებელსაც. ჩვენი ტექნოლოგიის გამოყენებით, ღია ბანკინგით და ხელოვნური ინტელექტით, ადამიანებს კრედიტის უსწრაფესად და კომფორტულად მიღება შეუძლიათ. ჩვენი დევიზია — ააშენეთ შემდეგი თაობის საკრედიტო პლატფორმა ერთი API–ს საშუალებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს უზრუნველყონ სწრაფი სესხების მომსახურება.
ჩვენ ვიღებთ კლიენტების მონაცემებს, ტრანზაქციების ისტორიას და უსწრაფესად ვამუშავებთ მას. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და მანქანური დასწავლის ხარჯზე ვსაზღვრავთ, როგორც ფულის ხარჯვის მაჩვენებელს, ასევე ფულის ნაკადსაც ვაანალიზებთ. ეს გვეხმარება ზუსტად გამოვთვალოთ მომხმარებლის საკრედიტო ქულა და მისი სესხის ლიმიტი. ეს სასარგებლოა როგორც ბანკისთვის, ისე მომხმარებლისთვის, რათა მან მიიღოს ის გონივრული სესხი, რაც მას გამოადგება და პირიქით, პორბლემებს არ შეუქმნის. ჩვენი მანქანური დასწავლის პროგნოზული მიდგომა ბევრად აღემატება კონსერვატიული რისკის მოდელებს", — ამბობს ჯანლუიჯი.
რაღაცით ეს დისტოპიურ მომავალს ხო არ გაგონებთ, სადაც ტექნოლოგიები ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავენ? არა, ეს არ არის მომავალი, მეტიც, ეს აწმყოა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტექნოლოგია, იქნება ეს ფინტექ ინდუსტრიის, თუ ნებისმიერი სხვა, ისევ ჩვენი ცხოვრების გასამარტივებლადაა შექმნილი.
ამ ყველაფრის ფონზე "ფინტექიზაცია" უფრო აქტუალური ხდება. ფინანსური სერვისები ყველგან გვხვდება: სატრანსპორტო აპლიკაციებში, საკვების შეკვეთის აპლიკაციებში, კორპორატიული წევრობის ანგარიშებში. ეს სია სულ უფრო იზრდება. საინტერესოა რა იქნება მომავალში? ჯანლუიჯისთან სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ ფინტექის მომავალი და პერსპექტივები.
"ფული და ეკონომიკა ყველგან არის, შესაბამისად, ფინტექიც. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინტექი კიდევ უფრო მეტ სფეროს მოიცავს. მაგალითად, იპოთეკური სესხი, რომელიც კონსერვატორული მიდგომების გამო, ჯერ კიდევ ძალიან დიდი ტკივილია.
სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში ჩვენ გვექნება ერთიანი პროგრამები, რომლებიც შემოგვთავაზებს უამრავ სხვადასხვა ფინტექის მომსახურებას, ეს ყველაფერი კი შეუფერხებლად ინტეგრირებული იქნება ერთმანეთთან. ძალიან მსურს მქონდეს აპლიკაცია კრედიტის მისაღებად და მიღებული თანხის დაუყონლებლივ ინვესტიციაში ჩადების საშუალება.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი იქნებ დაკავშირებული იყოს ზუსტად მინიჭებულ საკრედიტო ქულასთან. ხელოვნურ ინტელექტს ძალიან კარგად შეუძლია საკრედიტო რისკების გამოთვლა და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის?"
ერთი რამ ფაქტია, "ფინტექიზაცია" უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურად მიმდინარეობს. მსგავსი ფინანსური სერვისები თითქმის ყველგან გვხვდება. ეს სია იზრდება და ეს ტენდენცია გაგრძელდება. მსგავსი ტექნოლოგიების აუცილებლობა პანდემიისგან გამოწვეულმა ჩაკეტვებმა კიდევ უფრო დაგვანახა. იზრდება მონაცემებზე მოთხოვნილებაც, რაც შემოსავლის ახალ, მასიურ ნაკადს უზრუნველყოფს, ამ ყველაფერში კი გადამწყვეტი როლი ფინტექს უკავია.
კომენტარები