გავაკონტროლებთ თუ არა პროგრამებს გონებით — გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, Facebook-ის პროექტი წინ მიიწევს
გონების წაკითხვის ტექნოლოგიაზე არაერთი კომპანია მუშაობს. მათ სურთ, ნეირონული ინტერფეისებისა თუ სხვადასხვა მოწყობილობის დახმარებით, ჩვენი ტვინის ნეირონული აქტივობის სიტყვებად თარგმნა შევძლოთ. ცნობილია, რომ მსგავს პროექტზე Facebook-იც მუშაობს.
სამშაბათს გაჟონა ინფორმაციამ კომპანიის თანამშრომლების შეხვედრიდან, რომლის თანახმადაც, მაიკ შროფერმა — Facebook–ის მთავარმა ოფიცერმა ტექნოლოგიების მიმართულებით, ხაზი გაუსვა კომპანიის ნეირონული ინტერფეისის ტექნოლოგიის ბოლოდროინდელ პროგრესს — იუწყება BuzzFeed News. როგორც ჩანს, კომპანიის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ ადამიანების აზრების წაკთხვით პირადი მონაცემების კიდევ ერთი ფორმის შექმნა, არამედ ის ცდილობს მომხმარებელს საშუალება მისცეს, პროგრამები გონებით გააკონტროლონ.
ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, შროფერმა აღიარა, რომ BuzzFeed News-ის მიერ შეხვედრიდან მოპოვებული ინფორმაცია სიმართლეა და დამატებით დასძინა, რომ მსგავსი პროდუქტის გაყიდვა რთული იქნება.
შროფერის აზრით, კომპანიამ ახალი პროდუქტის მიმართ ნდობა უნდა გააჩინოს ადამიანებში, ”აუცილებელია, რომ მოვიპოვოთ უფლება, ეს შესანიშნავი ტექნოლოგია მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ... და ეს ყველაფერი უარყოფითი მხარეების გამოცდის შანსის გარეშე”, — თქვა შროფერმა.
Facebook წლების განმავლობაში მუშაობს გონების წამკითხველ ტექნოლოგიაზე. კომპანიამ 2017 წელს გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ყურსასმენი, რომელიც ტვინით კომპიუტერის ინტერფეისს დაუკავშირდება, ხოლო 2019 წლის სექტემბერში შეიძინა ნეირონული ინტერფეისების მიმართულებით მომუშავე სტარტაპი CTRL-Labs.
შეხვედრიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, Facebook-მა გარკვეული პროგრესი განიცადა საკუთარი მიზნის მისაღწევად, ასე რომ შეიძლება ოცნება იმის შესახებ, რომ შეგვეძლოს კომპიუტერი გონებით ვმართოთ, მალე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს გასცდეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები