ამ თევზმა, შესაძლოა, კრევეტები ფერმერული მიზნით "მოიშინაურა"
ადამიანები ცხოველების მოთვინიერებაში საუკეთესოები ვართ. არაერთი ცხოველი, ძაღლებით დაწყებული და ცხენებით დამთავრებული, კაცობრიობას აგრარულ საქმიანობაში ეხმარებოდა.
ცხოველების სია, რომელიც ადამიანებმა მოათვინიერეს საკმაოდ ვრცელია. მეტიც, მწერებსაც ხშირად ჩვენ სასარგებლოდ ვიყენებთ. თუმცა, როგორც ჩანს, ერთი თევზი კრევეტებს იგივე მიზნებისთვის იყენებს, როგორც ადამიანები სხვადასხვა ცხოველებს. კერძოდ, ფერმერული საქმიანობის გამარტივებისთვის.
მეცნიერები ამბობენ, რომ Stegastes Diencaeus ადამიანის გარდა სავარაუდოდ ერთადერთი ხერხემლიანი ცხოველია, რომელმაც სხვა ცხოველი "მოიშინაურა". ეს თევზი ძირითადად ცენტრალური ამერიკის წყლებში ცხოვრობს და წყალმცენარეების კულტივაციას ეწევა.
თევზი საკმაოდ ტერიტორიულია და თავისი წყალმცენარეების ფერმიდან ნებისმიერი სხვა ცხოველის გაძევებას ცდილობს, მისიდას კრევეტების გარდა, რომელსაც მეტსახელად ოპოსუმ კრევეტებსაც ეძახიან. როგორც ჩანს ისინი თევზის "ფერმას" ანოყიერებენ.
"ოპოსუმი კრევეტები თევზის პატრონაჟით სარგებლობენ და მის წყალმცენარეებს ანოყიერებენ, რაც მცენარეების ზრდას ხელს უწყობს", — ამბობს ეკოლოგი როჰან ბრუკერი.
იდეა ისაა, რომ ამ თევზმა და კრევეტებმა თავისდროზე კომენსალური ურთიერთობა ჩამოაყალიბეს, სადაც ისინი ერთმანეთს ხელს უწყობდნენ, ისე რომ ერთმანეთს არ აზიანებდნენ. თუმცა, მოგვიანებით მათი ურთიერთობა უფრო სპეციალიზირებული გახდა და ახლა "მოშინაურებულ" კრევეტებს, ფერმერი თევზის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
ადამიანებთან მსგავსი ურთიერთობა თავის დროზე მგლებს ჰქონდათ. ისინი სავარაუდოდ ადამიანების ადრეულ დასახლებებთან მოდიოდნენ და ნარჩენებს ჭამდნენ, სანამ ნელ-ნელა ჩვენი კომპანიონები არ გახდნენ და მერე ხელოვნური სელექციით ძაღლებად გარდაიქმნენ.
Stegastes Diencaeus-ს კრევეტები გადარჩენისთვის არ ჭირდება, თუმცა კრევეტებს თევზი ნამდვილად სჭირდებათ.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები