მექსიკაში ვეშაპის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა მექსიკაში ვეშაპის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. სამი ვეშაპი, რომელიც აკუსტიკურად თუ ვიზუალურად აქამდე ნაცნობ სახეობების წარმომადგენლებს არ ჰგვანან, გასულ თვეს, აშშ-ს საზღვრიდან 500-მდე კილომეტრის მოშორებით, სან ბენიტოს კუნძულებთან ახლოს შენიშნეს.
გუნდი ცდილობდა გაერკვია, თუ რომელი სახეობის ვეშაპები გამოსცემდნენ უცნობ აკუსტიკურ სიგნალს, რომელიც აქამდე ამ მიდამოში ჩაიწერეს. ექსპერტებთან ერთად, Sea Shepherd-ის სამეცნიერო დეპარტამენტმა ამ ვეშაპების ვიდეოზე აღბეჭდვა გადაწყვიტა. მათ ასევე ჩაიწერეს აკუსტიკური სიგნალები, წყალქვეშა მიკროფონის დახმარებით.
მკვლევრები — გუსტავო კარდენასი, ჯეი ბარლოუ და ელიზაბეტ ჰენდერსონი "ღრმად დარწმუნებულები" არიან, რომ მოპოვებული მასალები ვეშაპის ახალ სახეობაზე მიუთითებს. თუმცა, დამატებით, დაგეგმილია გენეტიკური კვლევების ჩატარება, იმისათვის, რომ ეს აღმოჩენა დადასტურდეს.
"ჩვენ რაღაც ახალი დავინახეთ. რაღაც ისეთი, რასაც ამ ადგილას არ ველოდით, რაც არც აკუსტიკურად და არც ვიზუალურადაა თანხვედრაში აქამდე არსებულ, სახეობებთან დაკავშირებულ ცოდნასთან", — ამბობს ბარლოუ და დასძენს — "შეიძლება მივაღწიეთ იმას, რაც ბევრის აზრით, შეუძლებელი იყო — დედამიწაზე ვიპოვეთ ასეთი ზომის ძუძუმწოვარი, რომლის შესახებაც მეცნიერებისთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი".
აღსანიშნავია, რომ ვეშაპის თითოეული სახეობა წყალქვეშ უნიკალურ აკუსტიკურ სიგნალს ავრცელებს, ახლად აღმოჩენილი ვეშაპი კი, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ სახეობას წარმოადგენს, ისეთ ხმოვან სიგნალს გვიჩვენებს, რომელიც აქამდე მეცნიერებისთვის უცხო იყო.
ვეშაპის ახალი სახეობის აღმოჩენა ამტკიცებს, თუ რამდენად ცოტა ვიცით ოკეანის სიღრმეში მცხოვრებ ორგანიზმებზე და ეს ცოდნა, როგორც ჩანს, მხოლოდ მათ ზომაზე არაა დამოკიდებული.
კომენტარები