გაეროს ქალთა ორგანიზაცია და DataFest Tbilisi გენდერული მონაცემების შესახებ დატათონს გამართავენ
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, DataFest Tbilisi გენდერული მონაცემების დატათონს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მკვლევრებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს, კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეუძლიათ. მთავარია მათი მოტივაცია და სურვილი, ვიზუალურად საინტერესოდ გამოსახონ ის გავლენა, რომელიც COVID-19-ის პანდემიამ ქალებისა და კაცების ცხოვრებაზე იქონია.
DataFest Tbilisi 15-17 დეკემბერს მეოთხედ გაიმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით პროფესიონალს გააერთიანებს. გენდერული მონაცემების დატათონი კი სტარტს 16 დეკემბრის საღამოს აიღებს. დავალებას, რომელსაც მონაწილეები მიიღებენ, საფუძვლად სწრაფი გენდერული შეფასება დაედება, რომელიც 13 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად ჩატარდა.
დატათონის მონაწილეები სასურველ ქვეყანასა და ანალიზის საკითხს თავად შეარჩევენ, თუმცა საქართველოს მონაცემების გამოყენება წახალისებული იქნება. საბოლოო პროდუქტებს ისინი 17 დეკემბერს წარადგენენ. გამარჯვებულებს, რომლებსაც ჟიური გამოავლენს, სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
სწრაფი გენდერული შეფასების მეთოდოლოგია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა, გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფარგლებში შეიმუშავა. კვლევა მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში რეგიონის 13 ქვეყანაში ჩატარდა იმის გასაგებად, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ ქალებისა და კაცების ცხოვრება და რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ისინი.
გენდერული მონაცემების დატათონი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ფარგლებში ტარდება, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე შეუძლიათ, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და გენდერის მკვლევრებისთვის შემდეგი ბმულია აქტიური, ხოლო ყველა სხვა დაინტერესბულ პირს, DataFest Tbilisi-ს ბილეთის შეძენა აქ შეუძლია.
კომენტარები