ასტრონავტი SpaceX-ის კაფსულიდან გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს
NASA-ს ასტრონავტმა — ვიქტორ გლოვერმა SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ით დედამიწა გასულ კვირას დატოვა და პლანეტის ორბიტისკენ გაემართა. რამდენიმე საათში გლოვერმა და ეკიპაჟის დანარჩენმა სამმა წევრმა მშვიდობიანად მიაღწიეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS).
გლოვერი პირველი შავკანიანი ასტრონავტია, რომელიც კოსმოსურ სადგურზე 6 თვიანი მისიით გაფრინდა (აქამდე ISS-ზე ასეთი ხანგრძლივი დროით არც ერთი შავკანიანი არ ყოფილა). ცოტა ხნის წინ მან ტვიტერზე დედამიწიდან 400 კილომეტრით დაშორებული კოსმოსური ხომალდიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც მაშინ იღებდა, როდესაც ხომალდს ისინი ჯერ კიდევ ISS-ისკენ მიჰყავდა.
ვიდეოში შავ სივრცეში გამოკიდებული დედამიწა ჩანს, თავისი თხელი ლურჯი ატმოსფეროთი და ოკეანეების თავზე მოძრავი ღრუბლებით. წარმოიდგინეთ, რამდენად შთამბეჭდავია, როდესაც ამ ყველაფერს ცხადად ხედავ.
გლოვერის მისია, რომელსაც SpaceX Crew-1 ეწოდება, პირველია, რომელშიც Crew Dragon კოსმოსური ხომალდი, და ზოგადად SpaceX-ის კაფსულა, გამოიყენება აქტიური მისიისთვის, და არა მხოლოდ ექსპერიმენტის ჩასატარებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წლის მაისში SpaceX — კოსმოსური კვლევების კომპანია ისტორიაში შევიდა როგორც პირველი კომერციული ბიზნესი, რომელიც ასტრონავტებს დედაიმიწის ორბიტაზე უშვებს.
ახლა უკვე გლოვერს და ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს შეუძლიათ რეგულარულად უყურონ ჩვენს ლურჯ პლანეტას — ეს პერსპქეტივა ხშირად ასტრონავტებს უცვლის წარმოდგენას ჩვენს პლანეტაზე და მასზე არსებულ სიცოცხლეზე. ამას "the overview effect" ეწოდება.
NASA-ს ასტრონავტი ედგარ მიჩელი, რომელმაც ერთ დროს მთვარეზე დადგა ფეხი, ამბობს: "ამ დროს გინდება რომელიმე პოლიტიკოსს ქეჩოში მოკიდო ხელი, გაათრიო პლანეტიდან მილიონი კილომეტრის დაშორებით და უთხრა: "შეხედე ამას შე დამპალო".
ამავე თემაზე:
კომენტარები