ჩინეთში COVID-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინები შავ ბაზარზე იყიდება
ჩინეთში COVID-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინით, რომლის უსაფთხოებაც ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, სულ უფრო მეტი ადამიანი იცრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ადამიანები იმუნიზაციის რიგში საათობით დგანან და როგორ ირკვევა, ერთი ვაქცინა შავ ბაზარზე მათ $600-დან $1 500-მდე უჯდებათ. მათი მთავარი მომწოდებული ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებული სპეკულანტები არიან.
"ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მადლიერია, რომ მას ვეხმარები", — აღნიშნავს ერთ-ერთი სპეკულანტი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სხვები ვაქცინას უფრო ლეგალური გზებით შოულობენ. ამისათვის ისინი ამბობენ, რომ სამსახურებრივ მივლინებაში მიემგზავრებიან.
"თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ, რადგანაც ახლა დაცული ვარ. მას შემდეგ, რაც მათი გამოყენება საგანგებო შემთხვევებში დაუშვეს, ეს გარკვეულ გარანტიებს იძლევა", — აღნიშნავს 26 წლის თარჯიმანი, ითან ჩანი.
ამჟამად, ოთხი ჩინური ვაქცინიდან სამი კვლევის დასკვნით ეტაპზე იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი საშუალებით ათიათასობით სახელმწიფო მოხელე იცრება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ არ დასრულებულა, ოფიციალური პეკინისათვის ეს შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.
ამის საპირწონედ, აშშ-ში კარდინალურად განსხვავებული მდგომარეობაა: მოსახლეობაში სულ უფრო იმატებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ. ყოველ შემთხვევაში პირველი თაობის ვაქცინებით მაინც, როცა ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომი გახდება. ვაქცინების მიმართ მზარდი უნდობლობის ხელშემწყობი ანტი-სამეცნიერო ხელისუფლებაც გახლავთ, რაც ტრამპის ადმისტრაციისათვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ.
ამჟამად, პოტენციური ვაქცინის ორი კანდიდატის კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. როგორც ირკვევა, მათი ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. თუმცა, ვაქცინის დისტრიბუცია და ხელმისაწვდომობა, ჯერჯერობით, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კომენტარები