რა უნდა ვიცოდეთ Moderna-ს ვაქცინის შესახებ — მოკლედ
ორიოდ დღის წინ, ბიო-ტექ კომპანიამ Moderna Inc. კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. ისინი აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი კორონავირუსით ინფიცირების პრევენციას ეფექტიანად ახერხებს. მიმდინარე პანდემიის პირობებში, ეს სიახლე ერთგვარი სინათლეა გვირაბის ბოლოს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები კვლავ გვაფრთხილებენ, რომ წინ ჯერ მძიმე თვეები გველის.
რა ხდება Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით?
ეს ბოლო დღეებში ვაქცინებთან დაკავშირებული რიგით მეორე კარგი ამბავია. ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer ერთი კვირის წინ აღნიშნა, რომ მისი ვაქცინა მაღალეფექტიანი გახლავთ. ამჟამად, სხვა ათეულობით ვაქცინა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თავის რიგს ელოდება.
რამდენად სასიხარულოა ეს ამბავი?
ყველაზე სწორი ფაქტების ფრთხილი ოპტიმიზმით შეფასებაა. ორივე კომაპნია, Pfizer-იც და Мoderna-აც კლინიკური კვლევის დასკვნით ეტაპზეა და ამ პროცესში ათასობით მოხალისეა ჩართული. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ შუალედურია და იგი არ სცემს ისეთ ძირითად კითხვებს პასუხს, როგორიცაა: რამდენი ხნით შენარჩუნდება ინფექციის საწინააღმდეგო დაცვა? ამ კითხვაზე პასუხის ძიება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი, COVID-19-თან კონტაქტის შემდგომ თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ უკანასკნელმა დაავადება აპრილში მოიხადა, რის გამოც რეანიმაციაშიც კი მოხვდა.
"ეს ხშირი არ არის, მაგრამ ჩვენ სპორადულად ვხედავთ ადამიანების მეორედ დაინფიცირების შემთხვევებს და არ ვიცით, ეს გამონაკლისი თუ ჩვეული შემთხვევებია",— შენიშნავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიისა და წამლის აღმოჩენის ინოვაციური კვლევითი ცენტრის დირექტორი, მაიკლ კინჩი.
ორაცრიანი ვაქცინის წარმოება და მილიონობით ადამიანამდე მიტანა ლოჯისტიკური გამოწვევაა. ამას გარდა, Pfizer-ის ვაქცინა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე უნდა იქნეს შენახული.
როდის დაიწყება ადამიანების აცრა?
ორივე კომპანია კლინიკური კვლევის დასრულებას და მიღებული შედეგების მარეგულირებლისათვის მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს, რაც მათი საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების წინაპირობა გახდება. წლის ბოლომდე ორივე მათგანი მილიონობით ვაქცინის დამზადებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაგზავნას გეგმავს. თუმცა, ექსპერტთა უმრავლესობას სწამს, რომ ეს მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, მოხუცთა სახლების ბენეფიციარებისა და ქრონიკული დაავადებებით დასნებოვნებულთათვის იქნება საკმარისი.
ინფექციურ დაავადებათა ამერიკელმა ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამ სიახლეზე ისაუბრა.
ფაუჩის გათვლებით, ვაქცინა უფრო ფართო მოხმარებაში აპრილის თვისთვის გამოჩნდება.
Moderna-ს ვაქცინას ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვა არ სჭირდება. ეს ყველაფერს ცვლის?
ამჟამად კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა სტაბილურობას სამაცივრე ტემპერატურაზე (2°C — 8°C) 30 დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ეს მათ მიერ ნავარაუდევ 7 დღეს გაცილებით აღემატება. გაყინულ მდგომარეობაში (-20°C) ვაქცინა 6 თვემდე შეიძლება იყოს სტაბილური. Pfizer-ის ვაქცინას გამოყენებამდე ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, -80°C-ზე სჭირდება შენახვა. ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასაგზავნი მილიონობით დოზისათვის საჭირო საყინულეების შესახებ აჩენს კითხვებს.
ამგვარად, Moderna-ს სიახლეს დიდი მშენებლობა აქვს, მიაჩნია მირიამ ჰოსპიტალის იმუნოლოგიური ცენტრის კლინიკური კვლევების დირექტორს, კარენ ტაშიმას.
"ჩვენ არ გვსურს, ვაქცინა გაგვიფუჭდეს, თუ იგი მაცივარში 8 დღე დაყოვნდება. ჩვენ არ გვსურს მისი გადაგდება. ახლა უკვე 30 დღე გვაქვს. ამის გამო ხალხი თავს გაცილებით უკეთ იგრძნობს", — ოპტიმისტურად შენიშნავს ტაშიმა
როდის გამოჩნდება ვაქცინა ევროპაში?
Мoderna-ს ვაქცინა აშშ-ს გარეთ ხელმისაწვდომი შემდგომ წლამდე არ იქნება. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ვაქცინები ევროპის რეგიონისთვის ხელმისაწვდომი "ყველაზე ადრე იანვარში" იქნება. მოლაპარაკების ფარგლებში ევროკავშირი 80 მილიონიდან 160 მილიონამდე ვაქცინას შეიძენს.
ევროკავშირმა წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმა ფარმაკოლოგიურ კომპანიასთან Pfizer. კონტრაქტის მიხედვით, მათ კორონავირუსის ექსპერიმენტული, 300 მილიონი ვაქცინა შეიძინეს. შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდება: ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავდაპირველად 200 მილიონ ვაქცინას მიიღებენ და მათ საშუალება ექნებათ, რომ დარჩენილი 100 მილიონიც მოგვიანებით შეიძინონ.
როდის მოაღწევს ვაქცინა საქართველომდე?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოში შემდეგი წლის გაზაფხულამდე ვერ მივიღებთ.
"მოგეხსენებათ, რომ საქართველო უკვე არის მონაწილე გლობალურ ფონდში შექმნილი სპეციალური ჯგუფის. წინასწარ თანხაც გადახდილი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ როცა შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინების იმ ქვეყნების გარე დისტრიბუცია, რომელიც თვითონ არიან მწარმოებლები... ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთ ქვეყნებში ექნებათ და მერე გავა მსოფლიოში. ჩვენ რიგში ვართ და მოდით, ვიყოთ რეალისტები, ეს, ალბათ, გაზაფხულზე ადრე არ იქნება", — განაცხადა მან რამდენიმე დღის წინ მაესტროს ეთერში.
კომენტარები