Starlink ინტერნეტის ბეტა-ტესტირებას იწყებს - საფასური და სხვა დეტალები ცნობილია
2020 წლის ოქტომბრის ბოლოს SpaceX-მა Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს მოსაწვევები გაუგზავნა. მოსაწვევის ტექსტიდან ცნობილი ხდება მომსახურების ღირებულება და დეტალები ხარისხის შესახებ.
მოწყობილობის კომპლექტი მოიცავს სპეციალურ ტერმინალის მქონე ანტენას და Wi-Fi როუტერს, რომლის ფასი $499-ს შეადგენს. ხოლო ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი სერვისით სარგებლობისთვის $99-ია.
Starlink-ის ბეტა ტესტირების პროგრამის სახელია Better Than Nothing (Beta). სტარლინკი ტესტირებაში მონაწილეებს ასევე აფრთხილებს, რომ თავდაპირველად კავშირის ხარისხი არც თუ ისეთი მაღალი იქნება. კომპანია, ტესტირების საწყის ეტაპზე, მომხმარებლებს 50-დან 150 გბიტ/წმ სიჩქარეს ჰპირდება, სადაც შეყოვნების მაჩვენებელი 20-დან 40 მილიწამამდე მერყეობს. გარდა ამისა, შესაძლოა Starlink-ის მოწყობილობაზე ინტერენტის მიწოდება პერიოდულად საერთოდ წყდებოდეს.
Starlink-ისთვის iOS-ზე სპეციალური ოფიციალური აპლიკაციაც კი გამოვიდა, რომელიც სერვისის მომხმარებლებს ქსელის გამართვაში, სიჩქარის შემოწმებასა და ხარვეზის შემთხვევაში მათ გამოსწორებაში დაგვეხმარება.
Starlink-მა განმარტა, რომ მსგავსი ხარვეზების ალბათობა ახალი თანამგზავრების გაშვების, მიწისზედა სადგურების რაოდენობის გაზრდისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების პარალელურად შემცირდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის შეყოვნების დრო 16-დან 19 მილიწამამდე დავა.
ტესტერების უმეტესობა, ვისაც მოსაწვევის წერილი მიუვიდა, აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისიდან SpaceX-ს ორბიტაზე მინი-თანამგზავრები გაჰყავს და 2021 წლის ბოლომდე კომპანია მთელს მსოფლიოს დაფარავს. Starlink-ის ინფრასტრუქტურაში ამჟამად ჩართულია 800 თანამგზავრი. SpaceX ირწმუნება, რომ საბოლოოდ Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტს სიჩქარით 1 გბიტ/წამში, რომლის შეყოვნების დროც არ აღემატება 25-დან 35 მილიწამს.
კომენტარები