SpaceX სტარლინკის მსგავს თანამგზავრების სისტემას მარსის გარშემოც მოაწყობს
ყველასთვის ცნობილია, რომ ილონ მასკს მარსზე ქალაქის გაშენება უნდა. Space X-ის პრეზიდენტმა გვინ შოტველმა კი Time Magazine-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Starlink-ის მსგავსი თანამგზავრების სისტემის განთავსება მარსის გარშემოც სურს.
"როცა მარსზე ადამიანებს წავიყვანთ, ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის საჭიროება იქაც იქნება", — ამბობს შოტველი. "მეტიც, ვფიქრობ, რომ თანამგზავრების სარტყელი მარსისთვის უფრო მნიშვნელოვანია".
თუმცა, პლანეტის გარშემო თანამგზავრების განთავსება საკმარისი არ არის. "ცხადია ორი პლანეტის დაკავშირება იქნება საჭირო, ამიტომ ვეცდებით, რომ მარსს და დედამიწას შორის მასშტაბური ტელეკომი იყოს".
შოტველის თქმით, მარსის კოლონიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან რაღაც საშინელი კატასტროფის შემთხვევაში, კაცობრიობა არსებობის გაგრძლებას შეძლებს. იარსებებს მეორე პლანეტა, რომელსაც ადამიანები სახლს დაუძახებენ. შოტველი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება.
"ილონმა კომპანია ერთადერთი მიზნით დაარსა: შექმნილიყო ტრანსპორტაციის საშუალება, რომელიც ადამიანებს სხვა პლანეტებზე წაიყვანდა. მახსოვს, 2002 წელი იყო, როცა ილონთან გასაუბრება მქონდა. ის ძალიან ამბიციური იყო, თუმცა მისი გეგმები ადრე წარმოუდგენლად ჟღერდა. ახლა, როცა თითქმის 20 წელი გავიდა, ეს ამბიციები რეალობასთან უფრო ახლოა".
კომენტარები