ასიმპტომატური კორონავირუსის შემთხვევაში ანტისხეულები უფრო მალე იკარგება — კვლევა
თუ კორონავირუსთან დაკავშირებულ საიხლეებს თვალს ადევნებთ, სავარაუდოდ, ხშირად გესმით "პოპულაციურ იმუნიტეტი" (herd immunity) და "ანტისხეულები". პოპულაცია ვირუსისადმი იმუნური მაშინაა, როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვირუსი გადაიტანა და ახლა მის წინააღმდეგ ანტისხეულები აქვს. ასეთ მოსახლეობაში, როცა ვირუსი ადამიანს ხვდება, მისი [ადამიანის] იმუნური სისტემა პათოგენზე მყისიერად რეაგირებს და დაავადება აღარ ვრცელდება.
ზოგი მეცნიერი და არაერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყნების მიერ შემოღებული პრევენციული ზომები უნდა მოიხსნას, ვირუსი თავისუფლად გავრცელდეს, COVID-19 ყველამ მოვიხადოთ და შედეგად, კორონავირუსი აღარ გავრცელდება, რადგან ანტისხეულები ყველას გვექნება. საერთაშორისო სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოებაში ეს იდეა არაჰუმანური და სასტიკად მიუღებელია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კორონავირუსისადმი ანტისხეულების გამომუშავების სპეციფიკა ამ დროისთვის მეტწილად უცნობია.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ, ვირუსისადმი გამომუშავებულ ანტისხეულებს მალევე კარგავენ.
კვლევის მიხედვით, 18-24 წლის ადამიანები ანტისხეულებს უფრო დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებენ, ვიდრე 75 წელს გადაცილებული ადამიანები. ახალი კვლევა, რომელიც ასობით ათასი ადამიანიდან აღებულ სისხლის ნიმუშებს ეყრდნობა აჩვენებს, რომ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან, ანტისხეულები ინფიცირებულთა მეოთხედმა უკვე დაკარგა.
კვლევა ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით, სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა ჩაატარეს. სამეფო კოლეჯის საჯარო ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, პოლ ელიოტის თქმით, "ჯერ უცნობია რა ტიპის იმუნიტეტს იძლევიან ანტისხეულები და რამდენ ხანს გრძელდება ის".
შედეგები აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა 26,5-მა პროცენტმა ანტისხეულები დაახლოებით 3 თვის პერიოდში დაკარგა. ამ მაჩვენებლის სკალირება მთელი დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაზე რომ გავაკეთოთ, გამოდის, რომ ანტისხეულების მქონე მოსახლეობის მაჩვენებელი 6%-იდან, 4,4-მდე შემცირდა.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ არავინ იცის როგორია ხელახალი ინფიცირების რისკი ადამიანებში, რომლებმაც ვირუსი უკვე გადაიტანეს და ანტისხეულები დაკარგეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ზომები ყველამ დაიცვას, მათ შორის COVID-19 მოხდილმა ადამიანებმა.
კომენტარები