Google Cloud-ში იპოთეკური განაცხადის დამუშავების AI ხელსაწყო შექმნეს
Google Cloud-მა წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც იპოთეკური განაცხადების დამუშავების რთული პროცესის დაჩქარებას ემსახურება.
Google Cloud-მა უკვე შექმნა პროდუქტი, სახელწოდებით Document AI, რომელიც სტრუქტურის არმქონე დოკუმენტების წაკითხვისა და გაგებისთვის მანქანური დასწავლის ტექნოლოგიას იყენებს.
ახლა კი კომპანიამ იპოთეკური მომსახურებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ხელსაწყო — Lending DocAI წარმოადგინა.
საკრედიტო ორგანიზაციებს, ამჟამად, ხშირად უწევთ თითოეულ იპოთეკურ განაცხადში არსებული დოკუმენტაციის ასობით ფურცლის დამუშავება — პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია. Lending DocAI კი იპოთეკური სესხის მსურველის შემოსავლებისა და აქტივების შესწავლას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს და ამით განაცხადის დამუშავების დროს საგრძნობლად ამცირებს. ახალ ხელსაწყოში წარმოდგენილია დოკუმენტების ტიპის მიხედვით სპეციალიზირებული შემოწმების მოდელები. ამგვარად, საკრედიტო ორგანიზაცია სრულად თავისუფლდება დოკუმენტაციის შემოწმების რუტინისგან.
"ჩვენი მიზანია, შევქმნათ სწორი ხელსაწყოები, რომლებიც დაეხმარება როგორც მსესხებელს, ისე კრედიტორს უფრო სწრაფად დაამუშაოს განაცხადი, რაც საბოლოოდ ყველა მხარისთვის მისაღები პირობებით გაცემული ან/და დახურული სესხით სრულდება", — აცხადებს Google Cloud-ის მენეჯერი, სუდჰირა ვანგური.
DocAI ამცირებს იპოთეკური სესხის განაცხადის დამუშავების დროსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც თავისთავად აისახება საკრედიტო პირობებზე.
იპოთეკური ფინტექ სტარტაპი Roostify უკვე წარმატებით იყენებს DocAI-ს საკუთარი ციფრული დაკრედიტების პლატფორმაზე.
"იპოთეკური ინდუსტრია ტრადიციული პროცესების მოდელიდან ციფრულ და ავტომატიზებულ მუშაობის მოდელზე გადასვლის ადრეულ ეტაპზეა და მიგვაჩნია, რომ ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უფრო სწრაფად მოხდება", — აცხადებს Roostify-ის გენერალური დირექტორი, რაჯეშ ბჰატი.
კომენტარები