ეფლმა, როგორც იქნა, წარმოგვიდგინა ახალი iPhone 12-ის ხაზი. მათგან iPhone 12 Pro-მ პროფესიონალებისთვის განკუთვნილი მძლავრი სმარტფონის წოდება მიიღო, ხოლო iPhone 12 Pro Max ამ ყველაფრის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული ვერსიაა.

მართალია, iPhone 12 Pro Max განმაცვიფრებელ წარმადობას გვთავაზობს, თუმცა ახლა ის დროა, რომ ის შევადაროთ ამ კატეგორიის 2020 წლის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს — Samsung Galaxy S20 Ultra-ს.

მაშ ასე, დროა გავიგოთ რომელი სმარტფონია თქვენთვის საუკეთესო და რატომ.

1. ფასი და ხელმისაწვდომობა

გასული წლის iPhone 11 Pro Max-თან შედარებით ტექნიკური და აპარატული შთამბეჭდავი განახლების მიუხედავად, ეფლმა მოახერხა და ამავე ხაზის უახლესი წარმომადგენლის ფასი იგივე ფასად წარმოადგინა და რაც ყველაზე საინტერესოა, საწყის მოდელში მეხსიერების მოცულობაც კი გაორმაგდა.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ iPhone 12 Pro Max-ის საწყისი ღირებულება ისევ $1099 ნიშნულზეა, რაც, რა თქმა უნდა, არც თუ ისეთი დაბალი ფასია და თან, ამ შემთხვევაში, მეხსიერების 128 გიგაბაიტიან ტევადობას იღებთ. ტრადიციულად, გიგაბაიტების ზრდასთან ერთად, იზრდება ფასიც - 256 გბ-იანი ვერსიის ფასი $1199, ხოო 512 გბ-იანის ღირებულება კოლოსალურ $1399-ს აღწევს.

ეს ყველაფერი მაშინ, როცა Samsung Galaxy S20 Ultra-ს 5G ვერსია, 128 გბ-იანი ტევადობით $1399 ღირს, ხოლო 512 გბ-იანი ვერსიის ფასი $1499-ს აღწევს. აქ ორივე სმარტფონი იგივე ფასის კატეგორიაშია წარმოდგენილი, თუმცა სამსუნგის ფლაგმანის ფასი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უფრო მაღალია.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy S20 Ultra-ში მომხმარებელს microSD ბარათის გამოყენებით მეხსიერების 1 ტბ-მდე გაზრდის საშუალება აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ეფლის ბოლო ფლაგმანზე.

2. დიზაინი

როგორც აღმოჩნდა, ეფლი სულაც არ ხედავს iPhone 12 Pro Max-ში ეკრანის ზედა ნაწილში კუნძულის მოშორების აუცილებლობას, რაც დღემდე მომხმარებლებში საკამათო საკითხად რჩება. წინამორბედებთან შედარებით მნიშვნელოვნად არც სმარტფონის სტრუქტურა შეცვლილა.

iPhone 12 Pro Max გასული წლის iPhone 11-სგან ზომებით განსხვავდება - უმნიშვნელოდ გაზრდილი ეკრანის ზომით. ახალი აიფონის ზომები კი ასეთია — 14.68 სანტიმეტრი სიმაღლეში და 7.16 სანტიმეტრი სიგანეში.

ასევე, შესამჩნევია ცვლილება სმარტფონის ფერის არჩევანში. "შუაღამის მწვანე" Pacific Blue ფერმა ჩაანაცვლა, ხოლო ვერცხლისფერი, გრაფიტისფერი (შავი) და ოქროსფერი ვარიანტები უცვლელადაა წარმოდგენილი ამ ხაზში.

სამსუნგი მოხმარებლებს საკუთარი ფლაგმანის რამდენიმე ფერის ვარიანტს სთავაზობს — კოსმიური ნაცრისფერი და კოსმიური შავი, ხოლო Cloud White ვარიანტი, სინათლის არეკვლისას სადაფისფერს ასხივებს.

დიზაინის თვალსაზრისით, S20 Ultra უპირობო ლიდერია — სმარტფონის ეკრანის ზედა ნაწილში აღარსადაა კუნძული, ხოლო წინა კამერა ერთ შეუმჩნეველ ჭრილშია მოთავსებული. „უსაზღვრო“ ეკრანით სმარტფონი ნადმვილად შთამბეჭდავ სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის.

ამ ორიდან არც ერთ სმარტფონს გააჩნია 3.5 მილიმეტრიანი აუდიობუდე ყურსასმენებისთვის, სამსუნგი იყენებს USB-C პორტს მაშინ, როცა ეფლი Lightning-ის ერთგულია.

3. ეკრანი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, iPhone 12 Pro Max-ის ეკრანი, მის წინამორბედთან შედარებით უმნიშვნელოდ, 6.5-დან 6.7 ინჩამდე გაიზარდა, რის გამოც მისი ზომა არც თუ ისე შორსაა 7.9 ინჩიანი ეკრანის მქონე iPad mini-სგან.

2778 x 1284 გაფართოების მქონე Super Retina XDR OLED-დისპლეი ფერების მკაფიო გადმოცემით, შთამბეჭდავი სიკაშკაშითა და HDR-ის მხარდაჭერით გამოირჩევა.

რაც შეეხება Samsung Galaxy S20 Ultra-ს, მისი AMOLED ეკრანის ზომა 6.9 დიუმს შეადგენს, რომლის გაფართოება 3200 x 1440 პიქსელზეა, ხოლო განახლების სიხშირე 120 ჰერცს აღწევს.

განახლების სიხშირის უპირატესობას თქვენ იგრძნობ მაშინ, როცა სმარტფონის გამოყენებისას დაგრჩებათ შთაბეჭდილება, თითქოს სმარტფონმა იცის რას უნდა დააწვეთ ახლა, ან რა ქმედება უნდა განახორციელოთ ეკრნაზე. მისი აღქმადობა და კადრის განახლების სისწრაფე ნამდვილად საოცარია, თუმცა ყოველივე ეს ფლაგმანის ავტონომიური მუშაობის დროის შემცირების ხარჯზე ხდება.

მოკლედ, საყვარელი შოუების, ან ფილმების ყურებას თუ ისურვებთ, ამისთვის ორივე სმარტფონი იდეალურია. აქედან ერთს კუნძული, ხოლო მეორეს მცირე ზომის კამერის ჭრილი აქვს — არჩევანი თქვენზეა.

4. კამერა და ელემენტი

ეფლის თქმით, კომპანიამ ეკომეგობრული ზომების გატარება დაიწყო და ამის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახალი აიფონების შეფუთვაში მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ სმარტფონს და კაბელს — EarPods ყურსასმენები და კვების ადაპტერი კოლოფიდან ამოღებულია.

დიდი მოლოდინის მიუხედავად, ეფლმა ახალ აიფონებში USB-C პორტი არ დაგვახვედრა — კომპანია ისევ Lightning-ს ამჯობინებს. თუმცა, ხელმისაწვდომია ეფლის ახალი ტექნოლოგია MagSafe, რომელიც უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო უსადენო დამუხტვას. აღსანიშნავია, რომ იმისვთის, რომ ახალი აიფონი უსადენო დამუხტვითაც სწრაფად დაიტენოს, აუცილებელია იყენებდეთ MagSafe უსადენო დამტენს (15 ვატი), სხვა მწარმოებლების უსადენო დამტენების გამოყენების შემთხვევაში კი iPhone 12 2-ჯერ უფრო ნელა დაიტენება (7.5 ვატი).

სტანდარტული სატენით დამუხტვის შემთხვევაში, აიფონის ელემენტი ნახევარ საათში მხოლოდ 50%-ით შეივსება, რაც სმარტფონს, საშუალო დატვირთვაზე, ავტონომიურ რეჟიმში 20 საათამდე ამუშავებს.

S20 Ultra-ს კოლოფში თქვენ დაგხვდებათ AKG-ს ყურსასმენები, ხოლო თავად სმარტფონი აღჭურვილია 5000 mAh ელემენტით, რომელიც 25 საათიან სასაუბრო დროს უზრუნველყოფს.

ეფლის ფლაგმანისგან განსხვავებით, S20 Ultra 40-ვატიან სწრაფ დამუხტვას კოლოფიდანვე გთავაზობთ და რა თქმა უნდა, მას 15 ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერაც გააჩნია. ამასთან ერთად, სამსუნგის ფლაგმანს სხვა სმარტფონის უსადენოდ დამუხტვის შესაძლებლობაც აქვს, რაც მას ერთგვარ ენერგიის წყაროდ აქცევს.

კამერის სახით ეფლი საკუთარ ფლაგმანში გვთავაზობს 12 მეგაპიქსელიან ძირითად კამერას დამატებით ფართოკუთხოვანი, ულტრა ფართოკუთხოვანი და ტელეფოტო ლიზნებით გასული წლის მოდელიდან, თუმცა, წინამორბედისგან განსხვავებით iPhone 12 Pro Max-ს ციფრული 12x ზუმის მხარდაჭერაც აქვს.

ეფლი გთავაზობთ ასევე 2.5-მაგ ოპტიკურ ზუმს, 2-მაგ ოპტიკურ შემცირებას და დიაპაზონის ოპტიკურ 5-მაგ ზუმს. ამასთანავე, AR ტექნოლოგიის უკეთ გამოსაყენებლად iPhone 12 Pro Max აღიჭურვა LiDAR სენსორით.

Samsung Galaxy S20 Ultra გამოირჩევა 4 კამერით, რომელშიც გაერთიანებულია 108 მპ-იანი ძირითად, 12 მპ-იანი ულტრა ფართოკუთხოვანი და 48 მპ-იანი ტელეფოტო ლინზა. ტელეფოტო ლინზით გადაღებული სურათის 10-ჯერ გადიდება ხარისხის დაკარგვის გარეშე შეგიძლიათ, ხოლო თუ ხარისხი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ შეგიძლიათ სურათი 100-ჯერ გაადიდოთ. კიდევ ერთი, 0.3 მეგაპიქსელიანი სენსორი კი სურათის სიღრმის გაუმჯობესებას ემსახურება.

S20 Ultra-ს 8K ვიდეოგადაღება შეუძლია, (iPhone 12 Pro Max-ის შემთხვევაში — 4K), თუმცა აიფონს Dolby Vision რეჟიმში ჩაწერა და რედაქტირების მხარდაჭერა აქვს.

დაბოლოს, iPhone 12 Pro Max გთავაზობს 12 მპ-იან წინა TrueDepth კამერას FaceID-ისთვის, მაშინ, როცა S20 Ultra-ში სელფის გადაღებისთვის თქვენ 40 მპ-იანი კამერა დაგხვდებათ.

5. სხვა ტექნიკური მახასიათებლები

ეკრანის ზომის მიუხედავად, ორივე მოდელის შემთხვევაში, ადვილად შესამჩნევია ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების სიუხვე, რომელიც ერთ მობილურ მოწყობილობაში გაერთიანდა.

ორივე სმარტფონს აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა (რომელიც, სამწუხაროდ საქართველოში მიუწვდომელია).

S20 Ultra არის ანდროიდ სმარტფონი Android 10-ის ბაზაზე და თუ თქვენთვის გუგლის მობილური ოპერაციული სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს — მაშინ არჩევანი ნათელია. სმარტფონს აქვს შესანიშნავი წარმადობა თამაშებისთვის, კაშკაშა ეკრანი და კამერის თითქმის იდეალური შესაძლებლობები ნამდვილად შთამბეჭდავი ფოტოსურათებისა და ვიდეოს გადაღებისთვისა და სწრაფი რედაქტირებისთვის.

ხოლო თუ თქვენთვის ეფლის ეკოსისტემა ყველაზე კომფორტულ სამუშაო გარემოსთან ასოცირდება, მაშინ iPhone 12 Pro Max — საუკეთესოა, რაც კი შეგიძლიათ ისურვოთ. დიდი ეკრანი, ახალი და უფრო მძლავრი A14 Bionic პროცესორი და გაუმჯობესებული ფოტო/ვიდეო გამოცდილება მას საუკეთესო და ყველაზე დიდ აიფონად აქცევს.

შეჯამება

რომელი სმარტფონიც არ უნდა აირჩიოთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ არჩევანში შეცდეთ, რადგან ორივე სმარტფონში თქვენ გადაიხდით იმ საფასურს, რაც მიგაჩნიათ, რომ ამად ღირს.

მაგალითისთვის, მაშინ, როცა Samsung Galaxy S20 Ultra-ს უპირატესობა მეგაპიქსელების სიმრავლეში და ეკრანის უფრო დიდ ზომაში მდგომარეობს, თქვენ მაინც არჩევანს თქვენთვის სასურველი ოპერაციული სისტემის სასარგებლოდ გააკეთებთ.

iPhone 12 Pro Max ისევე, როგორც Samsung Galaxy S20 Ultra წარმოადგენენ პრემიუმ კლასის ტელეფონებს, ყველა მოწინავე ტექნოლოგიისა და შესაძლებლობის მხარდაჭერით და ბაზარზე ადგილი ორივესთვის საკმარისია.