რობოტი, რომელსაც კოლონოსკოპიის ჩატარება შეუძლია
იმისთვის, რომ კოლონოსკოპია ნაკლებად უსიამოვნო გახდეს, ლიდზის უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდმა ახალი რობოტული კიდური შექმნა, რომელსაც ამ პროცედურის ჩატარება შეუძლია.
პიეტრო ვალდასტრისა და მისი გუნდის მიერ შექმნილი კიდური მანქანური დასწავლის ალგორითმს იყენებს, რათა მოქნილმა ზონდმა მარტივად მოძრაობა შეძლოს. ზონდი მაგნიტური ენდოსკოპია — ტუბი, რომელსაც წვერზე კამერა აქვს.
სისტემა როგორც დამოუკიდებლად, ასევე ადამიანი ოპერატორის მიერ მართული ერთგვარი ჯოისტიკის დახმარებით მუშაობს. ვალდასტრის თქმით, ოპერაციის ჯოისტიკით ჩატარება ვიდეო თამაშების თამაშს ძალიან ჰგავს. სისტემას ასევე მსხვილ ნაწლავში ენდოსკოპის ლოკაციისა და მიმართულების დადგენა შეუძლია.
ის სტანდარტული ენდოსკოპები, რომლებსაც ამჟამად კოლონოსკოპიების დროს იყენებენ საკმაოდ რთულად გამოსაყენებელია და კარგად გაწვრთნილ სპეციალისტს მოითხოვს.
რობოტული კიდურის სისტემას მსხვილი ნაწლავის შიგნიდან გადაღებული ფოტოების გამოყენებით წვრთნიდნენ. ალგორითმი სურათის ცენტრში შავ წრეს ეძებს, ეს წრე კი ის მიმართულებაა საითაც ინსტრუმენტი უნდა წავიდეს.
მკვლევრებმა ეს მეთოდი ხელოვნურ მსხვილ ნაწლავზე და ორ ღორზე უკვე წარმატებულად გამოიყენეს. მათი აზრით, მაგნეტურად მართული პროცედურები ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე ჩვეულებრივი კოლონოსკოპია და შესაბამისად, ამ ახალი მეთოდის გამოყენება გამაყუჩებლების გარეშეც იქნება შესაძლებელი.
მკვლევართა გუნდი გეგმავს, რომ პროცედურა მომავალ წელს ხუთ ჯანმრთელ მოხალისეზე დატესტოს. წარმატების შემთხვევაში კი შეძლებენ, რომ მეთოდი დაავადებულებზეც გამოცადონ.
კვლევა ჟურნალ Nature Machine Intelligence-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები