7 უფასო აპლიკაცია, რომელიც ყოველდღიური თავსატეხებიდან გზას გაპოვნინებთ
ხანდახან, შეიძლება არც ვიცოდეთ ამა თუ იმ პრობლემის შესახებ, სანამ მისი გადაჭრის გზას არ შემოგვთავაზებენ. ამ სტატიაში მოგიყვებით 7 მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დროის დაზოგვაში დაგვეხმარება.
1. Drink Water Reminder — გაიგეთ რამდენ წყალს სვამთ დღეში
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ჯანმრთელობისთვის წყლის დალევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისიც გექნებათ წაკითხული, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ მიყვებით, დღეში აუცილებლად 2 ლიტრი წყალი უნდა მიირთვათ, მაგრამ ჩემსავით, ალბათ, თქვენც ხშირად გავიწყდებათ ხოლმე წყლის დალევა. შეიძლება, შემდეგ იმასაც ვეღარ იმახსოვრებთ, იმ დღეს რამდენი ჭიქა დალიეთ და ყველაფერი თავდაყირა დგება. Drink water reminder-ს თუ გადმოწერთ, შეგიძლიათ ამაზე აღარ იდარდოთ.
თავდაპირველად, ამ აპლიკაციაში თქვენი ფიზიკური მონაცემები შეგყავთ, რის მიხედვითაც იგი ითვლის, თუ რამდენი ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ დღიურად. შემდეგ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი ჭიქის ზომა და ამის მიხედვით ყოველი ჭიქის დალევა აღნიშნოთ ხოლმე. თუ წყლის დალევა დაგავიწყდებათ, არ იდარდოთ. პატარა წყლის წვეთი თავს შეგახსენებთ ხოლმე.
2. SHAREit — გააზიარეთ დიდი ზომის დოკუმენტები სულ რამდენიმე წამში
სხვადასხვა ონლაინ რესურსისა თუ ბლუთუზის დახმარებით ფაილების გაზიარება დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ზოგ პლატფორმაზე კი 2 გიგაბაიტზე დიდ ფაილს ვერ ატვირთავ. სწორედ ამიტომ შეიქმნა აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც დიდი ზომის დოკუმენტების გაზიარება ძალიან მოკლე დროში, ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშეც შეგიძლიათ.
3. I can't wake up alarm clock — დილით გამოფხიზლება თუ გიჭირთ, ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ
ალბათ ყველას გქონიათ ისეთი მომენტი, როცა იღვიძებთ და ხვდებით, რომ მაღვიძარას ხმა ისევ გამოგეპარათ და ისევ აგვიანებთ სამსახურში. ამ აპლიკაციას თუ გადმოწერთ, დიდი ალბათობით ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
გარდა იმისა, რომ არასდროს ავიწყდება თქვენი გაღვიძება, ამ მაღვიძარას იქამდე ვერ გამორთავთ, სანამ პატარა დავალებას არ შეასრულებთ. დავალების ტიპი შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ. ეს შეიძლება არითმეტიკული სავარჯიშოს ამოხსნა, ტექსტის სწორად გადაწერა, ან რიცხვების თანმიმდევრობით დალაგება იყოს. ყველა სიკეთესთან ერთად, შეგიძლიათ დავალების სირთულეც თქვენ თვითონვე დაარეგულიროთ და ყოველ დილით, გამოფხიზლებისა და ტვინის პატარა ვარჯიშები ერთდროულად აკეთოთ.
4. Any.do — პურის ამოტანა არ დაგავიწყდეს
ეს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული "To do list" აპლიკაციაა, სადაც შეგიძლიათ ჩაინიშნოთ თქვენი გეგმები, მიუთითოთ შესაბამისი დრო და აქტივობის ტიპი. თქვენ თუ გადაგავიწყდათ, Any.do ნამდვილად არ დაგაღალატებთ. მისი საშუალებით შეგიძლიათ სხვა ადამიანებთან ერთადაც დაგეგმოთ აქტივობები.
გარდა ამისა, ეს აპლიკაცია შესრულებულ დავალებებსაც ითვლის და თქვენი გამხნევებაც არ ეზარება.
5. Phubber — ეს აპლიკაცია საკუჭნაოს დაცარიელებაში დაგეხმარებათ
დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ ძველი ნივთები, რომლებსაც ვერაფერში იყენებთ, მაგრამ გადასაყრელადაც გენანებათ. ახლა კი შეგიძლიათ ქართულ აპლიკაცია Phubber-ში გასაყიდად განათავსოთ თქვენი ძველმანები და ამასთანავე, ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მეორადი პროდუქტები.
6. Portal — დაუკავშირდით თქვენს ლეპტოპს ნებისმიერი ადგილიდან
წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში ხართ, სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სახლში, თქვენს ლეპტოპში გაქვთ შენახული და მისი ატვირთვა ქლაუდზე დაგავიწყდათ. ასეთ შემთხვევაში Portal დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით, თქვენი სმარტფონით შეძლებთ ლეპტოპთან დაკავშირებას და შესაბამისად, წვდომა გექნებათ კომპიუტერში შენახულ ინფორმაციასთან.
7. Woebot — შენი გულითადი მეგობარი
ეს ბოტი სამუდამოდ ცვლის ჩეთბოტების ტექნოლოგიას. იგი უკვე შემუშავებულ, კოგნიტურ და დიალექტიკურ ბიჰევიორული თერაპიების ტექნიკებზეა აგებული და საკუთარი ემოციებისა თუ სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენების გააზრებაში გვეხმარება.
რა თქმა უნდა, Woebot ფსიქოთერაპევტთან არ უნდა გავაიგივოთ. სანაცვლოდ, ეს აპლიკაცია ისეთი სავარჯიშოებით დაგვტვირთავს, რომლებიც ჩვენი მენტალური და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ადამიანებისგან განსხვავებით, ამ ბოტს ჩვენი მოკითხვაც არ დაავიწყდება ხოლმე და უყურადღებობით გულს არ დაგვწყვეტს.
იმედი მაქვს, ჩემი შერჩეული აპლიკაციები ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, რათა იყოთ მეტად კონცენტრირებული, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ჯანმრთელი. და კიდევ, იმედია, ცოტათი მაინც გიჩვენეთ ახალი გზა, თუ როგორ შეგიძლიათ გადაჭრათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ყოველდღიური პრობლემები მარტივი აპლიკაციებით.
კომენტარები