ნობელის პრემია ფიზიკაში შავი ხვრელის მკვლევრებს გადაეცათ
2020 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მეცნიერებს, როჯერ პენროუზს, რაინარდ გენზელს და ანდრეა გეზს, გადაეცათ შავ ხვრელთან დაკავშირებული აღმოჩენებისათვის. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მდივანმა, გორან კ. ჰანსონმა, ცერემონიაზე განაცხადა, რომ წლევანდელი პრიზი "ჩვენი სამყაროს ყველაზე ბნელით მოცულ საიდუმლოებებს" შეეხებოდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა პენროუზმა, რომელსაც სტივენ ჰოკინგთანაც კი აქვს ნამუშევარი, დაამტკიცა, რომ შავი ხვრელი ფიზიკური რეალობაა, რაც, თავის მხრივ, აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიას ასაბუთებს. გენზელმა და გეზმა კი აღმოაჩინეს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, ცენტრია.
"პენროუზმა, გენზელმა და გეზმა ერთობლივად გვიჩვენეს, რომ შავი ხვრელი განმაცვიფრებელ, მათემატიკურად განუზომელ და, რაც მთავარია, რეალურად არსებულ ფენომენს წარმოადგენს", — განაცხადა იორკის უნივერსიტეტის ნატურალური ფილოსოფიის პროფესორმა, ტომ მაკლეიშმა.
რიგით მეოთხე ქალი პრიზიორი
გეზი, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორია და მხოლოდ მეოთხე ქალი, რომელმაც ნობელის პრემია ფიზიკაში მოიგო. 55 წლის განმავლობაში პირველად ეს პრიზი 2018 წელს აიღო დონა სტრიკლენდმა ლაზერულ ფიზიკაში განხორციელებული ინოვაციური იდეებისათვის.
"ვფიქრობ, დღესდღეობით ჩემი საქმის სწავლებით იმაზე მეტად ვარ დაინტერესებული, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ", — ამბობს გეზი, — "რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია, ახალი თაობა დაარწმუნო, რომ კითხვების დასმისა და ფიქრის მათი უნარი სამყაროს მომავლისათვის კრიტიკულად აუცილებელია.
"ამ პრიზის მიღება ჩემთვის საოცრად ამაღელვებელია. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმის გამო, რომ, როგორც თავად აღნიშნეთ, ფიზიკის დარგში ნობელის მეოთხე ქალი პრიზიორი ვარ. ვიმედოვნებ, შევძლებ, ამ სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ქალები შთავაგონო. ეს დარგი დიდი სიამოვნების მომნიჭებელია და თუკი მეცნიერება გიყვართ, უამრავი აღმოჩენის გაკეთება შეიძლება".
მარი კიური ერთადერთი ქალია, რომელმაც ორჯერ დაიმსახურა ნობელის პრემია — პირველად 1903 წელს ფიზიკაში, ხოლო მომდევნო პრიზი მან 1911 წელს აიღო ქიმიის დარგში. 1963 წლამდე ფიზიკაში ნობელის პრემია ქალს აღარ აუღია. მხოლოდ ამ წელს მოახერხა მარი გეპერტ-მაიერმა პრიზის მიღება ბირთვის გარსის სტრუქტურასთან დაკავშირებული აღმოჩენებისათვის.
ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა
პენროუზი, რომელიც ინგლისის ქალაქ კოლჩესტერში დაიბადა, მის კოლეგასთან, სტივენ ჰოკინგთან, ერთად მუშაობდა, რათა ფარდობითობის და კვანტური თეორიების შერწყმით დაემტკიცებინა, რომ სამყარო და დრო დიდი აფეთქებით იწყებოდა და შავ ხვრელებში სრულდებოდა.
"ნობელის პრემია არ შეიძლება, გარდაცვლილზე გაიცეს. პროფესორ ჰოკინგის შეტანილი წვლილი მოხსენიებულია როგორც პენროუზის, ასევე გენზელისა და გეზის ნაწილში, რაც ერთგვარად ბრიტანელის ფიზიკოსის მიერ გაწეული შრომის დაფასებაა", — ამბობს დევიდ პენდლბერი, Clarivate-ის ანალიტიკოსი.
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად გახარებული ვარ, რომ როჯერ პენროუზის დამსახურება ნობელის პრემიით იქნა აღიარებული. ამ სფეროს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის იგი ხშირად ჩანდა მისი დიდი ხნის კოლეგის, სტივენ ჰოკინგის, ჩრდილში", — ამბობს სარის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი ჯიმ ალ-ხალილი.
"თუმცაღა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია შავი ხვრელების არსებობას წინასწარმეტყველებს, თავად აინშტაინს მათი არსებობის არ სწამდა. პენროუზი პირველი იყო, რომელმაც 1965 წელს მათემატიკურად დაამტკიცა, რომ შავი ხვრელი ფარდობითობის თეორიის ბუნებრივი შედეგია და არა სამეცნიერო ფანტასტიკა", — დასძენს ალ-ხალილი.
რაც შეეხება გერმანიაში დაბადებულ გენზელს, იგი მაქს პლანკის სახელობის არამიწიერი სიცოცხლის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელია გარხინგში. ამასთან, იგი კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორიცაა.
გენზელმა გეზთან ერთად აღმოაჩინა, რომ უხილავი და ძალიან მძიმე ობიექტი — რომელიც დაახლოებით 4 მილიონი მზის ტოლია — ვარსკვლავების ორბიტებს ჩვენი გალაქტიკის ცენტრისკენ მიაქცევს. ამ მოვლენის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ახსნა სწორედ სუპერმასიური შავი ხვრელია.
ნობელის პრემია ფიზიკაში გასულ წელსაც კოსმოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერზე, ბენგტ გუსტაფსონზე, გაიცა, რომელიც შვედი ასტრონომი და შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრია.
"მაშინ, როცა მე ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, შავი ხვრელები აინშტაინის ნააზრევის ფორმალური ახსნა იყო... ჩვენ მისი ფიზიკური არსებობის არ გვჯეროდა. პენროუზმა კი დაამტკიცა, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ", — ამბობს 70 წელს გადაცილებული გუსტაფსონი, — "ჩვენ შავ ხვრელებს ვერ ვხედავთ, თუმცა ვამჩნევთ მათით გამოწვეულ შედეგებს. ფანტასტიკური ფენომენი და ჩვენი სამყაროს ყველაზე შესანიშნავი ობიექტია".
წლევანდელ პრიზს — 10 მილიონ შვედურ კრონას (3,6 მილიონ ლარს) — სამი ლაურეატი გაიყოფს: პენროუზს ნახევარი, გენზელსა და გეზს კი მეოთხედი წილები ერგებათ "სამყაროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ფენომენის" აღმოჩენისთვის.
ნობელის წლევანდელი პრიზი მედიცინაში ასევე სამ მეცნიერზე გაიყო: ჰარვი ჯ. ელტერზე, მაიკლ ჰიუტონსა და ჩარლზ მ. რაისზე, C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის, რასაც მოგვიანებით დაავადების მკურნალობის საშუალების შექმნა მოჰყვა.
ნობელის პრემიის გამარჯვებულები ქიმიაში 7 ოქტომბერს, ლიტერატურაში — 8 ოქტომბერს, მშვიდობის დარგში — 9 ოქტომბერს, ეკონომიკის მეცნიერებაში კი 12 ოქტომბერს გამოცხადდებიან.
კომენტარები