ამ კვირაში მარსი დედამიწასთან ძალიან ახლოს მოვა, რაც მომდევნო 15 წელში აღარ განმეორდება
ამ კვირაში მარსი ძალიან მოგვიახლოვდება: იგი დედამიწიდან 62,1 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათელი და დიდი მარსი შეუიარაღებელი თვალითაც კი მარტივად შესამჩნევი იქნება.
კარგი ამბავი ისაა, რომ მარსი ღამის ცაზე ისეთ რეგიონში იქნება, სადაც ძალიან ცოტა ვარსკვლავია. თუ გაგიმართლებთ, მასთან ერთად იუპიტერისა და სატურნის დანახვასაც შეძლებთ. მარსის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მოსვლის თარიღი 6 ოქტომბერია.
როგორც ვიდეოში ჩანს, მარსსა და დედამიწას ოდნავ ელიფსური ორბიტები აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს საკმაოდ უახლოვდებიან. ეს მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა მზისგან ყველაზე შორსაა (აფელიონი), მარსი კი — ყველაზე ახლოს (პერიფელიონი).
მარსი და დედამიწა ყველაზე ახლოს ერთმანეთთან 2003 წელს დავაფიქსირეთ, სულ რაღაც 55,7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.
სამწუხაროდ, ყველაზე ახლო მეზობელს უფრო და უფრო ვშორდებით და 2029 წლამდე ასეთ მცირე დისტანციაზე ვეღარ მივესალმებით. ყველაზე ახლოს კი მარსთან 2035 წელს აღმოვჩნდებით, სულ რაღაც 56,9 მილიონი კილომეტრის დაშორებით.
პლანეტების დაახლოების შემდეგ მათი დაშორება იწყება. ამ დროს, შესაძლოა, რომ მათ შორის დაშორება 401 მილიონი კილომეტრიც კი იყოს.
პლანეტებს შორის სიახლოვის გამო, ეს პერიოდი მარსზე მისიების გასაშვებად იდეალური დროა. NASA-ს როვერ Perseverance-ის გასაშვებად ეს პერიოდი სწორედ ამიტომ შეირჩა. როვერი ამჟამად მარსისკენ მიემართება.
მარსის შემდეგი მისიის გაშვება 2022 წელს იგეგმება, მაგრამ ამ დროს დამატებითი 20 მილიონი კილომეტრის გავლა იქნება საჭირო, რადგან მარსი ჩვენგან 81,5 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული.
კომენტარები