ექიმები და მომვლელები მოხუც ადამიანებში დაბნეულობას ან უცნაურ ქცევას უნდა დააკვირდნენ, რადგან ეს, შესაძლოა, COVID-19-ის ადრეული ნიშანი იყოს. როგორც ირკვევა, მოსალოდნელია, რომ ინფიცირებისას დელირიუმი 65-ს გადაშორებულ რისკ-ჯგუფებში შემავალ ფიზიკურად სუსტ მოხუცებში უფრო მეტად შეგვხვდეს, ვიდრე იმავე ასაკის, მაგრამ უფრო ჯანმრთელ ინდივიდებში. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ ვითარდება კორონავირუსის ინფიცირების პარალელურად საოცარი დაბნეულობა და დელირიუმი.

კორონავირუსით ინფიცირების 3 ძირითადი ნიშანია: ხველა, ტემპერატურის მატება 37,8°C-ზე მეტად და ყნოსვის ან გემოს ცვლილება. ინფიცირებულთა 85% შემთხვევაში სახეზე ამ სამიდან ერთი სიმპტომი მაინცაა. შედარებით უფრო იშვიათ სიმპტომებს მიეკუთვნება დიარეა და ღებინება.

დაუძლურების სიმპტომები

ლონდონის სამეფო კოლეჯის მიერ ჩატარებულ ამ კვლევაში მეცნიერებმა 65-ს გადაცილებული 800 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააანალიზეს. გამოკვლეულთა შორის იყვნენ 322 ჰოსპიტალიზირებული პაციენტი და 535 მოხუცი, რომელიც COVID-19-ის სადიაგნოსტიკო აპლიკაციას იყენებდა. ყველა მათგანი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაძაბუნებულ პაციენტებს შორის მეტი შანსი იყო, ჩივილებში დელირიუმიც ჰქონოდათ, ვიდრე იმავე ასაკის, ოღონდ ფიზიკურად კარგ ფორმაში მყოფ მოხუცებს შორის (დაძაბუნებულს ისეთ მოხუცებზე იტყვიან, რომლებიც სხვადასხვა დაავადებიდან თუ უბედური შემთხვევიდან მძიმედ გამოკეთდებიან ხოლმე). ამ კვლევის მიხედვით, მოხუცი ასაკის ყოველი მეხუთე პაციენტის COVID-19-ის მიმდინარეობის ერთადერთი ნიშანი სწორედ დელირიუმი გახლდათ.

ფსიქიკური მდგრადობის დარღვევა

როგორც COVID-19-ის სადიაგნოსტიკო აპლიკაციის მონაცემებიდან გახდა ცნობილი, დელირიუმი უფრო ხშირად სწორედ დაძაბუნებულ პაციენტებში ვლინდებოდა. შესაძლოა, რომ ისინი დელირიუმად დაბნეულობის, დეზორიენტაციის ან ძილიანობის ეპიზოდებს მოიაზრებდნენ. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთ პაციენტებში სუნთქვის უკმარისობა და ზოგადი საერთო სისუსტეც საკმაოდ ხშირი სიმპტომი გახლდათ.

აპლიკაციის მომხმარებელთა მესამედში, რომელთაც დელირიუმის ნიშნები ჰქონდათ, COVID-19-ის კლასიკური ნიშნები (ხველა და სიცხე) არ ვლინდებოდა.

"ექიმები და მომვლელები მოხუცთა ფსიქიკურ მდგრადობაში გაჩენილ ისეთ ცვლილებებს უნდა დააკვირდნენ, როგორიცაა დაბნეულობა ან უცნაური ქცევა. შესაძლოა, ეს კორონავირუსით ინფიცირების ადრეული ნიშანი იყოს", — აღნიშნა როუზ პენფოლდმა ლონდონის სამეფო კოლეჯიდან.

კვლევა ასევე ხაზს უსვამს მოხუცთა სახლებში მყოფთა დაცვის აუცილებლობასაც. ამ სივრცეში ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჰიგიენა და პირადი დაცვის საშუალებები პრიორიტეტული იყოს.