მთვარის ზედაპირის რადიაცია პირველად დაადგინეს — ის დედამიწისას 200-ჯერ აღემატება
მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე არსებული რადიაციის დადგენა პიველად შეძლეს. ეს განსაკუთრებით დროული აღმოჩენაა, რადგან, NASA-ს გეგმის თანახმად, სულ რაღაც 4 წელში ჩვენს თანამგზავრზე ორი ასტრონავტი დაადგამს ფეხს. როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, არტემისის მისიის ასტრონავტებს იმაზე 200-ჯერ მაღალი გამოსხივების პირობებში მოუწევთ ყოფნა, ვიდრე ჩვენთან, დედამიწაზეა.
მართალია, აპოლოს მისიების დროს ასტრონავტებს მთვარეზე რადიაციის გასაზომად თან დოზიმეტრები მიჰქონდათ, მაგრამ მონაცემები არასოდეს გამოქვეყნებულა.
ახალი კვლევის თანახმად, მთვარის რადიაცია პირველად ჩინურმა ავტომატურმა კოსმოსურმა მოდულმა, Chang'e 4-მა გამოიანგარიშა მას შემდეგ, რაც ის 2019 წელს თანამგზავრის შორეულ მხარეზე დაეშვა.
როგორც ირკვევა, მთვარეზე მოხვედრილი ასტრონავტები ყოველდღიურად რადიაციის საშუალოდ 1,369 მიკროზივერტის ოდენობას მიიღებენ — ეს, დაახლოებით, 2.6-ჯერ აღემატება იმ დოზას, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები იღებენ.
რადიაცია ის ენერგიაა, რომელიც ელექტრომაგნიტური ტალღების ან ნაწილაკებისგან გამოიყოფა. ამაში შედის ინფრაწითელი გამოსხივება, რომლის აღქმაც შეგვიძლია, და რენტგენული სხივები და რადიოტალღებიც, რომლების აღქმის უნარიც არ გვაქვს. კოსმოსში ყოფნისას ასტრონავტებს იმ პოტენციურად საზიანო რადიაციის წყაროებთან უწევთ გამკლავება, რომლებისგანაც დედამიწაზე მყოფებს ჩვენი ატმოსფერო გვიცავს.
მთვარეზე არსებული რადიაციის წყაროებში შედის გალაქტიკური კოსმოსური სხივები, მზის ნაწილაკთა სპორადულობის შემთხვევები (როცა მზისგან ნაწილაკები დაჩქარებულად გამოიყოფა) და ნეიტრონული და გამა გამოსხივება.
"მთვარის ზედაპირზე გაზომილი რადიაცია 200-ჯერ მეტია დედამიწისაზე და 5-დან 10-ჯერ აღემატება ნიუ-ორიკიდან ფრანკფურტის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში არსებულ გამოსხივებას", — აცხადებს კვლევის თანაავტორი, ფიზიკოსი რობერტ ვიმერ-შვაინგრუბერი, — "რადგან ასტრონავტებს თვითმფრინავის პილოტებზე და მგზავრებზე დიდხანს მოუწევთ რადიაციის ქვეშ ყოფნა, ეს მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა".
კოსმოსური მოგზაურობის რისკები
რადიაციის გამოსხივების ქვეშ ყოფნა ასტრონავტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად, გალაქტიკურ კოსმოსურ სხივებს კატარაქტას, კიბოს და ცენტრალური ნერვული სისტემის ან სხვა ორგანული სისტემების დეგენერაციული დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
NASA-ს მეცნიერებს რადიაცია კომოსური ფრენის ხუთ საფრთხეში ჰყავთ შეყვანილი და მას "ყველაზე საშიშს" უწოდებენ.
არტემისის მთვარის მისიაზე, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს ჩვენს თანამგზავრეზე პირველი ქალი დადგამს ფეხს, ასტრონავტებს ერთი კვირა მოუწევთ იქ გაჩერება, რომლის დროსაც მინიმუმ ორჯერ გაივლიან მთვარის ზედაპირზე.
რაც შეეხება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, მართალია, იქ ასტრონავტები წლის განმავლობაშიც დარჩენილან, მაგრამ ISS დედამიწის დამცველი მაგნიტური ველის შიგნითაა მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ სადგურზე, ღრმა კოსმოსთან შედარებით, რადიაციის გაცილებით ნაკლები დოზებია.
მარსის მისიები, სავარაუდოდ, ორიდან სამ წლამდე გაგრძელდება და ასტრონავტებს გაცილებით მაღალი გამოსხივების ქვეშ ყოფნა მოუწევთ. შესაბამისად, NASA-ს თქმით, ამ მისიებისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდები დამცველი ფარებით, დოზიმეტრებითა და განგაშის სიგნალებით იქნება აღჭურვილი. ამასთან, მიმდინარეობს ფარმაცევტული კვლევებიც, რომელთა მიზანიც რადიაციისგან დამცველი საშუალებების პოვნაა.
კომენტარები