მეცნიერთა გუნდის თქმით, მათ სხვა გალაქტიკაში ეგზოპლანეტა შენიშნეს. ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, მილიარდობით ეგზოპლანეტა იყოს, თუმცა მეზობელ გალაქტიკებში მათი პოვნა ძალიან რთულია. ახლა კი ჰარვარდის მეცნიერთა გუნდმა იმის მტკიცებულება იპოვა, რომ მორევის გალაქტიკაში პლანეტის ზომის ობიექტი ბინარულ სისტემაში ბრუნავს.

წლების განმავლობაში მეცნიერებს სხვა გალაქტიკებში ეგზოპლანეტების არსებობის რამდენიმე ნიშანი უპოვიათ, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი არ დადასტურებულა. შესაძლოა, ახალმა აღმოჩენამაც იგივე ბედი გაიზიაროს, თუმცა ამ შემთხვევაში მეცნიერები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

მორევის გალაქტიკა ჩვენგან 23 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. იქ აღმოჩენილი პლანეტა, რომელსაც M51-UUSL-1b უწოდეს, დიდი ალბათობით სატურნზე პატარაა, ბინარული სისტემის გარშემო ბრუნავს და იგი მისგან დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილზე ათჯერ მეტადაა დაშორებული.

"ეს ამაღელვებელია, თუმცა არა მოულოდნელი. არ არსებობს აბსოლუტურად არანაირი მიზეზი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეგზოპლანეტები სხვა გალაქტიკებში არ შეიძლება არსებობდნენ", — განაცხადა მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომმა ანგელა ტანერმა.

პლანეტის ბინარული სისტემა ნეიტრონული ვარსკვლავისგან ან შავი ხვრელისგან შედგება, რომელიც ახლომდებარე ვარსკვლავს უზარმაზარი სიჩქარით შთანთქავს. ამ პროცესის შედეგად გამოთავისუფლებული ვარსკვლავის მტვერი კი, თავის მხრივ, ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას გამოყოფს, რაც მთლიანი მორევის გალაქტიკაში სისტემას რენტგენული სხივების ერთ-ერთ ყველაზე ნათელ წყაროდ აქცევს.

სამწუხაროდ, ამ აღმოჩენის დადასტურებას, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს — ეგზოპლანეტა მისი ერთ-ერთი ვარსკვლავის წინ კიდევ ათწლეულები არ მოექცევა.

"ასევე შესაძლებელია, რომ სისტემის წინ რაიმემ გაიარა, რაც აღარასოდეს დაბრუნდება უკან", — განაცხადა ტანერმა.

კვლევა arXiv.org-ზე გამოქვეყნდა.