"ცეცხლი საკუთარი ხელით ჩავიქრე" — გოგო, რომლის დაწვაც სცადეს
29 ივნისს სევა შამოიანის დაწვა სცადეს. დანაშაულის ჩადენის მოტივად პროკურატურამ გენდერული დისკრიმინაცია გამოკვეთა და კაცი დააკავა. სევა ახლა იბრძვის, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა დაუბრუნდეს.
გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე დეტალებს.
"ახლა ცოტა უკეთესად ვარ იმასთან შედარებით, როგორც ვიყავი", — გვეუბნება 23 წლის სევა შამოიანი, რომელიც რეაბილიტაციის რთულ გზას გადის. წამლებს სვამს და ფეხზე დადგომას ცდილობს.
რამდენიმე თვის წინ სევას დაწვა სცადეს. ეს გააკეთა ადამიანმა, რომელსაც ქალი სწორედ მანამდე ჩადენილი ძალადობის გამო დაშორდა.
ბრალდებული სევამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე გაიცნო და როგორც ამბობს, ის თავიდან კარგი ადამიანი იყო, ზრუნავდა კიდეც მასზე. თუმცა როცა პანდემიის დროს, სტუმრად სოფელში გაჰყვა, აღმოაჩინა, რომ იგი არაადეკვატურად იქცეოდა და ხშირად სვამდა.
"იმ დღეს კონფლიქტი მოგვივიდა და იძალადა, ხელი აწია ჩემზე. ამის გამო მოვიშორე და მერე ისევ გამოჩნდა".
შემთხვევიდან დაახლოებით ორ თვეში, კაცმა სევასთან შეხვედრა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრა.
"ეჭვიანობა დაიწყო, 30 ივნისს უნდა გნახო და დაგელეპარაკოო. 29-ში ვიყავი ჩემს დაქალთან, ჩემი და მყავდა სახლში დატოვებული. თორმეტის ნახევარზე დამირეკა, მოვდივარ, უნდა დაგწვაო. არ მეგონა, რომ ასე მოიქცეოდა, მაგრამ შემეშინდა, ჩემს დას გული არ გაუხეთქოს-მეთქი და სახლში წამოვედი. სახლში რომ მივედი, მალე მომესმა კაკუნი კარზე, გარეთ გამოდიო..."
ბრალდებული მასთან არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. სევას თქმით, ცდილობდა მოძალადეს მშვიდად დალაპარაკებოდა და სიტუაცია განემუხტა. ის რამდენჯერმე დაემუქრა. ამ ხნის განმავლობაში ქუჩაში დადიოდნენ, სევა პოლიციის შენობასთან გაჩერდა და უთხრა, თუ სალაპარაკო ჰქონდა, იქ დალაპარაკებოდა.
ამის შემდეგ კაცს ხასიათი შეეცვალა, ხუმრობა და სიცილი დაიწყო, შემდეგ კი სევას თანდასწრებით იყიდა ნივთირება, რომლითაც მისი დაწვა სცადა. სევას ახსოვს, როგორ გარბოდა ცეცხლმოკიდებული. ფეხებზე ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ხელით მოუწია.
თავდასხმის შედეგად ორივე ფეხზე მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მკურნალობისთვის ბევრ წამალს სვამს, მათ შორის ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს. ამასთან, კანის სრულად გადანერგვა დასჭირდა. ფეხზეც რამდენიმე დღეა წამოდგა და ნელ-ნელა სიარული დაიწყო.
"ყველაზე დიდი პრობლემა მაქვს მუხლებზე. ვერ ვშლი ჯერ ბოლომდე".
წამლები, გადახვევები, ვარჯიშები, აუზი, მალამოები, ექთანი — მომავალი ერთი წელი მთლიანად რეაბილიტაციაზე იქნება გადართული.
"მე ისეთი ტკივილები გადავიტანე... ძალიან საშინელებაა. ვერ ვიკარებ ვერავის, თვითონაც მეშინია, როცა ხელს ვადებ. შინაგანად კი საერთოდ..."
დღევანდელი გადმოსახედიდან ნანობს, რომ პირველი ძალადობისთვის არ უჩივლა. თავდასხმამდე ვიზაჟისტად მუშაობდა. ახლა ცხოვრების წესი მთლიანად შეეცვალა.
"ადრე ძალიან აქტიური ვიყავი, ზოგადად ხასიათითაც მხიარული ვარ. ახლა ძალიან მშიშარა გავხდი. არ ვიცი, როგორ ვთქვა, გულდაწყვეტილი ვარ", — ამბობს სევა.
ყოველდღიურად თითო ნაბიჯს დგამს და მუხლის გაშლა კვლავ უჭირს. თავისი ვარჯიშებისა და რეაბილიტაციის ვიდეოებს TikTok-ზე ტვირთავს. ამბობს, რომ ეს გამხნევებაში და მოტივაციაში ეხმარება.
კომენტარები