სპილოების უცნაური სიკვდილი ბოტსვანაში ციანობაქტერიამ გამოიწვია
ბოლო თვეების განმავლობაში ბოტსვანაში ასობით სპილოს დახოცვის მიზეზი ტოქსინები გახდა. ამის შესახებ მოსაზრება ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში გაჩნდა, თუმცა, ამჯერად, ველური ბუნების მკვლევრებმა ინფორმაცია დაადასტურეს.
ბოტსვანა სპილოების პოპულაციის მესამედის სამშობლოა. ქვეყანაში განგაში მაშინ ატყდა, როცა ოკავანგოს დელტასთან მაისისა და ივნისის თვეებში სპილოების გვამებს წააწყდნენ. მკვლევრების თქმით, ამ დრომდე 330 სპილო ციანობაქტერიის შედეგად დაიღუპა, ამიტომ მიზეზების განხილვისას ბრაკონიერობა გამოირიცხა.
ციანობაქტერია მომწამვლელი ბაქტერიაა, რომელიც, როგორც წესი, დამდგარ წყალში ჩნდება და ზოგჯერ, როცა იზრდება, ლურჯ-მწვანე წყალმცენარედ იქცევა.
მეცნიერების აზრით, ამის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაც იყოს, რადგან მომწავლელი ბაქტერიები, მეტწილად, თბილ წყალს ირჩევენ საბინადროდ.
გაფრთხილება: ქვემოთ წარმოდგენილი სურათები, შესაძლოა, სენსიტიური აღმოჩნდეს ზოგიერთი ადამიანისთვის.
შედეგები სამხრეთ აფრიკის, კანადის, ზიმბაბვესა და აშშ-ის ლაბორატორიებში რამდენიმეთვიანი კვლევის შემდეგ გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი სპილოების დიდი ნაწილი წყალთან ახლოს იპოვეს, მკვლევრებს მაინც ეეჭვებოდათ, რომ იდუმალებით მოცული სიკვდილის მიზეზი, შესაძლოა, ბაქტერია ყოფილიყო, რადგან წყალმცენარე ნაპირებთან იზრდება, სპილოები კი წყალს, ძირითადად, გუბურის შუა ნაწილიდან სვამენ.
"ჩვენი ბოლოდროინდელი კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ სპილოების სიკვდილის გამომწვევი მიზეზი გახდა ციანობაქტერიული ნეიროტოქსინი, რომელიც წყალში გვხვდება", — განაცხადა ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების ვეტერინარული განყოფილების უფროსმა, მადი რუბენმა. მისივე თქმით, სიკვდილიანობა "2020 წლის ივნისის მიწურულს შეწყდა, რადგან გუბურები ამოშრა".
ივნისში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ცხოველების შუანები მოჭრილი არ ყოფილა, რაც, თავის მხრივ, ბრაკონიერობას გამორიცხავდა.
ველური ბუნების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სირილ ტაოლოს, თქმით, გამოირიცხა ჯილეხის შემთხვევაც.
თუმცა, როგორც რუბენი აღნიშნავს, სიკვდილთან დაკავშირებული კითხვები კვლავ არსებობს.
"მიუხედავად ამისა, ისევ გვაქვს პასუხგაუცემელი შეკითხვები. მაგალითად, რატომ მხოლოდ სპილოები და რატომ მხოლოდ ამ მხარეში? ამჟამად რამდენიმე თეორია გვაქვს, რომლის მიხედვითაც საქმეს შევისწავლით".
ექიმ ნაილ მაქკენის თქმით, ადგილობრივი კონსერვაციონისტებისგან პირველი შეტყობინება მაისის დასაწყისში მიიღეს, როცა მათ დელტას გადაუფრინეს და სპილოების გვამები შენიშნეს.
"სამსაათიანი ფრენის განმავლობაში მათ 169 მკვდარი სპილო შენიშნეს", — ამბობს მაქკენი, — "ამის ნახვა და რაოდენობის დათვლა სამ საათში წარმოუდგენელია".
ცოტა ხნის წინ 25 სპილო დაიღუპა ბოტსვანას მეზობელ ზიმბაბვეშიც. საკვლევი ნიმუშები უკვე გაგზავნილია ანალიზისთვის გაერთიანებულ სამეფოში.
რა არის ციანობაქტერია
- ციანობაქტერია, იგივე ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, განსაკუთრებით კი წყნარ და ნოყიერ წყლებში გვხვდება.
- ციანობაქტერიის ზოგიერთი სახეობა გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ცხოველებზე და ადამიანებზე მოქმედებს.
- ციანობაქტერიამ, შესაძლოა, ზიანი მოუტანოს ადამიანს, რომელმაც მისი შემცველი წყალი დალია, ან მასში იბანავა.
- ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს: კანის გაღიზიანება, მუცლის ტკივილი, პირღებინება, გულძმარვა, დიარეა, სიცხე, ყელის და თავის ტკივილი.
- ტოქსინის გამომყოფი ციანობაქტერიით, შესაძლოა, მოიწამლონ ცხოველები, ფრინველები და თევზებიც.
წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
კომენტარები