ვეშაპს ანტარქტიდისკენ მიმავალი გზა აერია და ნიანგებით სავსე მდინარეში აღმოჩნდა
კუზა ვეშაპები, როგორც წესი, ოკეანის წყალმარჩხ ადგილებში გადაადგილდებიან, ხოლო ნიანგები, ძირითადად, მტკნარი წყლის ცხოველები არიან და მდინარეებში ყოფნას არჩევენ. ამ ორი ცხოველის შეხვედრა ძალიან იშვიათია, თუმცა ცოტა ხნის წინ კუზა ვეშაპი ავსტრალიაში ნიანგებით სავსე მდინარეში შეცდომით აღმოჩნდა.
ბოლო კვირის მანძილზე კაკადუს ეროვნული პარკის ალიგატორების მდინარეში სამი სხვადასხვა ვეშაპი აღმოჩნდა. პირველმა ორმა ვეშაპმა მდინარეს თავი მალევე დააღწია და ოკეანეს დაუბრუნდა, ეს კუზა ვეშაპი კი, როგორც ჩანს, მდინარეში "ჩარჩა".
"რამდენადაც ვიცით, ეს პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა, როცა ვეშაპი მდინარეში ამდენი ხნის მანძილზე გაჩერდა", — ვკითხულობთ ეროვნული პარკის ოფიციალურ განცხადებაში. ეროვნული პარკის გუნდი ამჟამად ვეშაპს აკვირდება.
პარკში მდინარის შესასვლელიდან, დინების საპირისპირო მიმართულებით 29 კილომეტრის რადიუსში ადამიანების შესვლა აიკრძალა.
"ახლა ყველაზე ნაკლებად რაც გვინდა, ისაა, რომ მდინარეში, რომელიც ნიანგებითაა სავსე, ნავი შემთხვევით ვეშაპს დაეჯახოს", — წერია პარკის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, — "ამასთანავე, შესაძლოა, ნავების გამოჩენამ ვეშაპს მდინარეში კიდევ უფრო ღრმად შეტოპვისკენ უბიძგოს".
კომენტარები