ერთჯერადი პირბადეები გარემოს პლასტმასით დაბინძურებას მნიშვნელოვნად ზრდის
ერთჯერადი ქირურგიული პირბადეები სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს და მის გადასაჭრელად აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების წახალისება — ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირები იუწყებიან.
საქმე ისაა, რომ ქირურგიული სახის ნიღბები პლასტმასას შეიცავენ, რაც წყალს აბინძურებს და ველურ ეკოსისტემებსაც ვნებს. ცხოველები ხშირად ამ პლასტმასას ჭამენ კიდეც.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში პერსონალური დამცავი საშუალებების უსაფრთხო ხელახალი გამოყენების გზებს სწავლობენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო პირბადეები ბევრ ქვეყანაში — მათ შორის, საქართველოშიც — საჯარო თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა. ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სრულწლოვნების 96% სახლის დატოვების წინ პირბადეს იკეთებს.
ბრიტანეთში აქტივისტები და პარლამენტარები მთავრობას მრავალჯერადი პირბადეების გამოყენების მეტად წახალისებისკენ მოუწოდებენ. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მედიამ უნდა შეზღუდოს ისეთი კადრების გავრცელება, სადაც ჩანს, როგორ უკეთიათ არაკლინიკურ გარემოში მყოფ ადამიანებს ერთჯერადი პირბადეები.
კომენტარები