სეზონური გრიპი და პანდემია — რა მოხდება, თუ ადამიანს ორივე ვირუსი ერთდროულად შეეყრება?
გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სამეცნიერო საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რომელზეც ცალსახა პასუხი ჯერ კიდევ უცნობია: რა მოხდება, თუ ადამიანს ორივე ვირუსი ერთდროულად შეეყრება?
ექიმებს უკვე ჰყავდათ პაციენტები, რომელთაც კორონავირუსი გრიპის ვირუსთან ერთად აღენიშნებოდათ. რამდენიმე ათეული შემთხვევა შესაბამისად არის კიდეც აღწერილი, თუმცა ეს, პანდემიის მასშტაბების გათვალისწინებით, საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ.
"სრულიად შესაძლებელია, რომ ორმა ვირუსმა ერთი ადამიანი ან ერთობლივად, ან მონაცვლეობით დააინფიციროს. ასევე მოსალოდნელია, რომ ორივე ვირუსის ერთდროული არსებობისას სასუნთქი სისტემის უკმარისობა უფრო მწვავე იქნება. რა თქმა უნდა, სუნთქვის უკმარისობას ამ ვირუსებით მონაცვლეობით და მიყოლებით ინფიცირებაც გაამწვავებს", — აღნიშნავს კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მაიკლ მეთეი.
მეცნიერთა არამკაფიო პოზიციას ისიც განაპირობებს, რომ რადგანაც COVID-19 ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა დაავადებაა, მის შესახებ საკმარისი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.
ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, რესპირატორული დაავადებებისათვის თანაინფექციების არსებობა იშვიათი არ არის. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰელენ ჩუ რესპირატორულ ინფექციებს უკვე წლებია, იკვლევს.
"ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთდროულად ერთზე მეტი ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს. შეიძლება, დაავადების მიმდინარეობის დასკვნით ეტაპზე იყო, როცა თავს უკეთ გრძნობ და სიმპტომებიც არ აღგენიშნება, მაგრამ დაინფიცირების უნარსმოკლებული ვირუსები მაინც გიფიქსირდებოდეს", — აღნიშნავს პროფესორი ჩუ და ამგვარად მიუთითებს, რომ ერთდროულად ორი ვირუსის ქონა ავტომატურად ორ აქტიურ პათოლოგიურ პროცესს არ ნიშნავს.
როგორც ერთ კვლევაში ვკითხულობთ, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 20%-ს სხვა ტიპის რესპირატორული ვირუსიც აღენიშნებოდა. შესაძლოა, ეს გაციების გამომწვევი რინოვირუსი ან რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV) ყოფილიყო.
როგორც წარსულში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, ორ განსხვავებულ ვირუსს ერთმანეთთან რთული ურთიერთობა აქვს. "ექსტრა-ვირუსმა", შესაძლოა, საერთოდაც ვერაფერი მოიმოქმედოს, მდგომარეობა უფრო გაამწვავოს ან ზოგჯერ მცირეხნიანი დამცველობითი ეფექტიც კი ჰქონდეს. მაგალითად: დღემდე გაურკვეველია, ართულებს თუ არა რინოვირუსი გრიპს, აღნიშნავს პროფესორი ჩუ.
ამ აზრს ყველა არ ეთანხმება. ერთ-ერთი მათგანი სარა მესკილია, ბეილორის სამედიცინო კოლეჯის გადაუდებელი მედიცინისა და პედიატრიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
"კორონავირუსის გრიპის ვირუსთან ურთიერთობის შესახებ იმდენად ცოტა კვლევაა ჩატარებული, რომ წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. ჩვენ მალე ვიხილავთ პაციენტებს, რომელთაც ორივე ვირუსი უფიქსირდებათ", — ვარაუდობს პროფესორი მესკილი
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ზოგჯერ რესპირატორული ვირუსები ერთმანეთს ებრძვიან, რაც საბოლოო ჯამში მათ გავრცელებას უშლის ხელს. ამის კარგი მაგალითი RSV და გრიპის ვირუსია. როგორც პროფესორი მესკილი აღნიშნავს, როცა ორივე ვირუსი ერთი და იმავე უჯრედის ინფიცირებას ცდილობს, გამარჯვებული მათგან მხოლოდ ერთია. უჯრედულ დონეზე მიმდინარე ამ უხილავ ჭიდილს ზოგჯერ საკმაოდ ხელშესახები მნიშვნელობა აქვს: როცა პოპულაციაში RSV ვირუსის დონე მაღალია, სეზონური გრიპის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა და პირიქით.
აიდაჰოს უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, ტანია მიურა აღნიშნავს, რომ 2009 წელს, როცა გრიპის ახალმა შტამმა ეპიდემიურ მაჩვენებლებს მიაღწია, ზოგიერთ პოპულაციაში მის გავრცელებას ადგილზე არსებულმა სხვა რესპირატორულმა ინფექციებმა შეუშალეს ხელი. ბოლოს იგი ლაბორატორიულ ცხოველებთან მუშაობდა. მისი ნაშრომიდან ვიგებთ, რომ საშუალო ხარისხის რესპირატორული ინფექცია სხვა გამომწვევით განვითარებულ დაავადებას გარკვეულწილად ეწინააღმდეგება.
დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება. ექიმები აღნიშნავენ, რომ წელს სეზონური გრიპის მაჩვენებელი საოცრად დაბალია, რაც, დიდი ალბათობით, სამოგზაურო აკრძალვებით, პირბადის ტარების პოლიტიკით და სოციალური დისტანცირებით უნდა აიხსნას.
მოცირკულირე ვირუსების კლების ტენდენციაა ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც, როგორც ამას პროფესორი ჩუ აღნიშნავს. იგი ვირუსებს დიდ ქალაქებში ეძებს.
"ამჟამად ამ ვირუსების საზოგადოებაში გავრცელების ტენდენცია არ ვლინდება", — აღნიშნავს იგი და იქვე მიუთითებს, რომ მიუხედავად ამისა, სეზონური გრიპის ვირუსები ეტაპობრივად გააქტიურდება, რის გამოც ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
გრიპის წლევანდელ სეზონზე ვაქცინაცია ისეა საჭირო, როგორც არასდროს. გარკვეულწილად ეს გავლენას COVID-19-ის მიმდინარეობაზეც იქონიებს, რადგანაც იმუნიზაცია გრიპის შემთხვევებს შეამცირებს და ისედაც ერთ რესპირატორულ ინფექციასთან მებრძოლი სამედიცინო სფერო კიდევ არ გადაიტვირთება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრიპისა და COVID-19-ის ზოგიერთ სიმპტომი — ცხელება, კუნთების ტკივილი და ხველა — ერთნაირია.
კომენტარები