ეფლმა, შესაძლოა, მალე ორი ახალი Apple Watch და iPad Air წარმოადგინოს
ბლუმბერგის ანგარიშის თანახმად, ეფლი წელს 5G ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე 75-80 მილიონი აიფონის წარმოებას გეგმავს. მიწოდების აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ორი წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ეფლის აზრით, პანდემია სმარტფონებზე მოთხოვნას არ შეამცირებს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი აიფონების გამოშვება კომპანიამ ოქტომბრამდე გადადო.
გარდა ამისა, ბლუმბერგის ანგარიში მოიცავს ვრცელ ინფორმაციას ეფლის ახალი მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც კომპანია შემოდგომაზე წარმოადგენს. მათი ჩამონათვალი და აღწერა ასეთია:
- ოთხი ახალი აიფონი OLED ეკრანით, რომელთა ზომაც 13.7, 15.5 და 17 სანტიმეტრს შეადგენს; 15.5-სანტიმეტრიანი ეკრანი ახალი ალუმინის კიდეების მქონე Pro და ამჟამინდელი აიფონ 11-ის მსგავს მოდელებში იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ახალი აიფონი წინა მოდელებისგან განსხვავებით მოოთხკუთხედო კიდეებს მიიღებს, ხოლო ლითონის Pro ვერსიები, ალუმინის მოდელებთან შედარებით, უფრო გვიან გამოვა. ასევე გამოჩნდება ახალი მუქი ლურჯი ფერის მოდელი, რომელიც მწვანე iPhone 11 Pro-ს ჩაანაცვლებს. ყველა ახალი აიფონი 5G ქსელის სრულ აპარატულ მხარდაჭერას მიიღებს და როგორც მინ-ჩი კუო ვარაუდობს, ეფლი 2020 წელს მილიმეტრული ტალღების ტექნოლოგიის მქონე 4-6 მილიონ აიფონს გამოუშვებს, რაც ბლუმბერგის მონაცემებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. შესაძლოა მინ-ჩი კუო აქ კონკრეტულ Pro მოდელებს გულისხმობდეს, რომლებიც შედარებით მოგვიანებით გამოჩნდება. გარდა ამისა, 17-სანტიმეტრიანი აიფონის Pro ვერსია იქნება ერთადერთი მოდელი, რომელიც LIDAR სკანერს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სკანერი წელს iPad Pro-მაც მიიღო;
- iPad Air-ის ახალი მოდელი, რომელიც, iPad Pro-ს მსგავსად, ეკრანზე უფრო წვრილ ჩარჩოებს მიიღებს. მისი ეკრანის ზომა, როგორც მინ-ჩი კუო ვარაუდობს, 27.4 სანტიმეტრს შეადგენს. ჯერჯერობით არაფერი ვიცით iPad mini-ს ხაზის განახლებაზე. გასულ კვირას ტვიტერში გავრცელებული iPad Air-ის პამფლეტის მიხედვით, ახალი პლანშეტი ნამდვილად მიიღებს წვრილ ჩარჩოებს და Touch ID სენსორს კვების ღილაკზე;
- Apple Watch-ის ორი ახალი ვერსია: Series 5-ის შემდეგი თაობა და Series 3-ის შედარებით დაბალი კლასის განახლება;
- HomePod: ზომით უფრო პატარა და უფრო დაბალბიუჯეტური ჭკვიანი სპიკერი.
- ეფლის ბრენდით გამოშვებული ყურსასმენები, რომლებსაც არაფერი საერთო არ ექნება Beats-თან.
ახალი Apple TV განახლებული პროცესორითა და დისტანციური მართვის პულტით ასევე მზადების პროცესშია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, წელს შესაძლოა მისი გამოშვება ვერ მოესწროს. გარდა ამისა, ახალი აიფონების პრეზენტაციის გადადების მიუხედავად, ბლუმბერგში ვარაუდობენ, რომ iOS 14 სექტემბერში გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები