როცა ვსაუბრობთ ფინანსურ ტექნოლოგიებზე — აქ ნდობა უმნიშვნელოვანესია. თქვენ ისევე არასდროს გაუზიარებდით საკუთარ ფინანსურ მონაცემებს უცნობ ციფრულ აპლიკაციას, როგორც არ ანდობდით საფულეს უცხო პირს.

ფინტექ კომპანიების მომხმარებლები ზუსტად ასე ფიქრობენ — სანამ ისინი ფინტექ-სერვისით სარგებლობას დაიწყებენ, მათ სურთ იცოდნენ: შემიძლია თუ არა ვენდო ამ კომპანიას? მაქვს თუ არა იმის გარანტი, რომ ჩემი ფული უსაფრთხოდაა? დაუშვებს თუ არა კომპანია შეცდომებს?

ფინტექ კომპანიებმა ამ კითხვებს მყარი და დამაჯერებელი პასუხები უნდა გასცენ. გაეცანით 9 რჩევას, რომელიც ფინტექ ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს მომხმარებლების ნდობის მოპოვებაში დაეხმარება:

1. იყავით გამჭვირვალე

გამჭვირვალობა გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც კომპანიის შიგნით, ისე მომხმარებლებთან მიმართებაში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94% გამჭვირვალე ბრენდების ერთგულია, ხოლო 73% მზადაა, უფრო მეტი გადაიხადოს პროდუქტში, თუ კომპანიის საქმიანობის დეტალები დაფარული არაა.

ზოგ შემთხვევაში გამჭირვალობის შენარჩუნება მარტივია — მაგალითად მაშინ, როცა მომხმარებლებს ახალი პროდუქტის შესახებ უყვებით. მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამჭირვალობის შენარჩუნება მეტად პრობლემურია — მაგალითად მაშინ, როცა ბიზნეს საქმიანობაში გამოვლინდა მონაცემების გაჟონვის ფაქტი, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მაშინაც კი, როცა საგანგაშო არაფერი მომხდარა, აუცილებელია, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, თუ რა ტიპის ინფორმაციას ინახავს კომპანია მათ შესახებ.

2. დაამტკიცეთ საკუთარი შესაძლებლობები

ფოტო: Alana Peters / The We Company

მოსალოდნელია, რომ 2022 წლისთვის ფინტექ სექტორში ასობით მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება. თუ გსურთ, რომ ასეთ კონკურენტუნარიან გარემოში მომხმარებელმა თქვენ აგირჩიოთ, მნიშვნელოვანია აუხსნათ, თუ როგორ შეგიძლიათ გაუწიოთ მას დახმარება.

პოტენციური მომხმარებლები ახალ ტენდენციებს მისდევენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარკეტინგული კამპანიის შედეგად ისინი თქვენით აუცილებლად დაინტერესდებიან. აუცილებელია, მოიპოვოთ მათი ნდობა და აჩვენოთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფას თუ სერვისს მათთვის. ამისათვის შემდეგ კითხვებს უნდა გასცეთ პასუხი: ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან შედარებით, რა ამოცანებს უმკლავდება თქვენი სერვისი უკეთ? რატომ არის თქვენი მისია უფრო მნიშვნელოვანი? ამასთან, ბევრს ნუ ისაუბრებთ — საკმარისია, მომხმარებელს დაანახოთ, რომ მათ გამოხმაურებებს ყურადღებას აქცევთ და უკუკავშირს ითვალისწინებთ.

3. გონივრულად გამოიყენეთ კომპანიის ფინანსები

მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: არავინ ენდობა ისეთ ფინტექ კომპანიას, რომელიც თავად ვერ იყენებს საკუთარ ფინანსებს გონივრულად.

კანონიც რომ არ გავალდებულებდეთ, ყოველ ფისკალურ კვარტალში ერთხელ გაასაჯაროვეთ ინფორმაცია თქვენი შემოსავლის შესახებ. ისარგებლეთ ისეთი სერვისებით, როგორებიცაა გადასახადების ავტომატური გადახდა, რათა კეთილსინდისიერი გადამხდელის რეპუტაცია შეინარჩუნოთ.

გამოიყენეთ ფინანსები არა მხოლოდ გონივრულად, არამედ ეთიკურადაც. გაიღეთ ფული იმ მიზნებისთვის, რომლებიც გაღელვებთ და მიიღეთ პარტნიორების მხარდაჭერა.

4. იზრუნეთ თანამშრომლობაზე სხვა ორგანიზაციებთან

მომხმარებლები, რომლებიც არ იცნობენ თქვენი კომპანიის ტექნოლოგიებს, თავიდან დიდი სკეპტიციზმით განეწყობიან. იმისთვის, რომ მათი შიშები განდევნოთ, ითანამშრომლეთ იმ კომპანიებთან, რომლებისადმი ნდობაც მომხმარებლებს უკვე გამომუშავებული აქვთ.

გსურთ კომპანიის ცნობადობის გაზრდა? მაშინ შეჯიბრებებში ჩაბმას ნუ დაიზარებთ! Visa ყოველწლიურად თანამშრომლობს ფინტექ სტარტაპებთან, რომლებიც სხვადასხვა ინოვაციურ კონკურსში იმარჯვებენ. გამარჯვებულებს, Visa-ს ბრენდის გამოყენების უფლების გარდა, შეუძლიათ მიიღონ უზარმაზარი ფინანსური გამოცდილება, რომელიც ახალ კომპანიას უბრალოდ ვერ ექნება.

5. მუდმივად იზრუნეთ ინოვაციების დანერგვაზე

ფოტო: Alana Peters / The We Company

ერთ ამოცანას, რომელსაც ფინტექ ინდუსტრია ყველა დანარჩენ ინდუსტრიაზე უკეთესად უმკლავდება ინოვაციაა. მომხმარებელთა უმეტესობა ელოდება ფინანსური ტექნოლოგიური კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულ განახლებას, რომელიც მომსახურების გაუმჯობესებას გამოიწვევს.

მუდმივად იყავით ბოლო ტენდენციების საქმის კურსში. მიაქციეთ ყურადღება ერთგული მომხმარებლების გამოხმაურებას, რათა გაიგოთ, რის მიღებას ისურვებდნენ ისინი მომდევნო განახლებაში.

რეგულარული განახლებები ზრდიან ნდობას, რაც მომხმარებლებისთვის ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცდილობთ მიაწოდოთ მათ ბაზარზე საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო პროდუქტი. მთავარია, დარწმუნდეთ, რომ ყოველი განახლება მიზანს ამართლებს, რადგან ხშირი და არაფრისმთქმელი განახლებები მომხმარებლებს მხოლოდ გააღიზიანებს.

6. აჩვენეთ მომხმარებლებს თქვენი დაცულობა

იყენებს თუ არა თქვენი სერვისის გამჭოლ შიფრაციას? რას იტყვით ორფაქტორიან ავტორიზაციაზე? რა ნაბიჯებს დგამთ იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი სერვისი შეტევებისა და საეჭვო აქტივობებისგან?

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მსგავსი რისკები გაზვიადებულია, თუმცა მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა, არასანქცირებული შეღწევის შედეგად მომხმარებელმა ფული არ დაკარგოს, თუმცა მისი პიროვნების მითვისების შედეგები წლების განმავლობაში შენარჩუნდეს.

გამოყავით უსაფრთხოების ფუნქციები თქვენს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში. ისაუბრეთ ამის შესახებ ხშირად დასმული კითხვების (FAQ) გვერდზე. მაგალითად, ერთ-ერთი ფინანსური მომსახურების პროვაიდერი მსგავსი ტიპის გვერდზე ვრცლად საუბრობს EMV ჩიპების ტექნოლოგიაზე პლასტიკურ ბარათებში და იმაზე, თუ როგორ იცავს კომპანია მომხმარებელს თაღლითობისგან. რაც უფრო ვრცლად და კონკრეტულად ისაუბრებთ მონაცემების დაცულობასა და უსაფრთხოებაზე საჯაროდ, მით უკეთესი თქვენთვის.

7. გაამახვილეთ ყურადღება მომხმარებელთა მომსახურებაზე

ყველანი ვთანხმდებით, რომ არცერთი პროდუქტი არაა იდეალური. ისეთ ფინტექ გადაწყვეტებშიც კი, რომლების შექმნასაც დიდი შრომა დასჭირდა, მაინც იპარება ხარვეზები.

თითოეულ კრიტიკულ შეფასებას სერიოზულად მიუდექით. იყავით მადლიერები იმისთვის, რომ შეგატყობინეს პრობლემის შესახებ. იზრუნეთ პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე. დააწესეთ პრიზები მათთვის, ვინც კრიტიკული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ასევე კარგი იქნება, თუ მომხმარებლებს გაუგზავნით კითხვარს და მოისმენთ მათ მოსაზრებას მომსახურებასთან დაკავშირებით. მომხმარებლები მადლიერები იქნებიან მათი აზრით დაინტერესებისთვის.

ფოტო: Alana Peters /The We Company

8. შესთავაზეთ მომხმარებლებს თქვენი პროდუქტის უფასო საცდელი ვერსია

მომხმარებლებს უსაფრთხოების გარდა აინტერესებთ თავად პროდუქტი. სკეპტიკოსების გულების მოსაგებად, სცადეთ და შესთავაზეთ მათ თქვენი პროდუქტის საცდელი ვერსია.

მაგალითისთვის, COVID-19-ის პანდემიის დროს ათობით ფინტექ კომპანიამ საკუთარ სერვისებზე წვდომა სრულიად უფასო გახადა. როგორც კი პანდემია დასრულდება, მომხმარებელთა დიდი ნაწილი, რომლებმაც აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლეს, განაგრძობენ ამ სერვისებით სარგებლობას.

9. იყავით სოციალურები

ფინტექ კომპანიები, რომლებთაც საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია სურს, აუცილებლად იყენებენ სოციალურ ქსელებს. მომხმარებლები უფრო მარტივად ენდობიან ისეთ კომპანიებს, რომელთა ირგვლივ ერთგვარი საზოგადოება ერთიანდება.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა დასაინტერესებლად კი აუცილებელია გქონდეთ ხარისხიანი კონტენტი. ეცადეთ დააბალანსოთ ტექსტური, ფოტო და ვიდეო მასალები. ოპერატიულად გაეცით პასუხი მომხმარებლებს, რომლებიც ცდილობენ თქვენთან დაკავშირებას. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა.


ფინტექი მომავლის ინდუსტრიაა, რომელსაც მრავალი მომხმარებლის გულის მოგება მოუწევს. იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ ნდობის აღდგენაზე მაშინ, როცა ის უკვე დაკარგეთ, სჯობს მეტად პროაქტიურები იყოთ. ამ რჩვების გათვალისწინებით კი ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.