აშშ-ის მთავრობა საიდუმლო iPod-ზე სტივ ჯობსისგან ფარულად მუშაობდა — ეფლის ყოფილი ინჟინერი
2005 წელს ეფლმა სამსახურში აშშ-ის საჯარო უწყების კონტრაქტორები აიყვანა, რომლებიც iPod-ის მოდიფიცირებული ვერსიის შემუშავებაში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ზუსტად რა დანიშნულებით იქმნებოდა ეს ვერსია, დღემდე უცნობია. ვრცლად ამ ისტორიას iPod-ის ერთ-ერთი ყოფილი ინჟინერი, დევიდ შაიერი გვიზიარებს.
მისი მონათხრობის დასაწყისი ერთგვარ ნოველას წააგავს:
2005 წლის მიწურულს ერთი მოჟამული დღე იდგა. მე ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი და მომდევნო წლის iPod-ისთვის კოდს ვწერდი. ყოველგვარი კაკუნის გარეშე და სრულიად მოულოდნელად ოთახში iPod Software-ის დირექტორი — ჩემი უფროსის უფროსი — შემოვიდა. "შენთვის სპეციალური დავალება მაქვს. შენმა უფროსმა ამის შესახებ არაფერი იცის. შენ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროდან მოსულ ორ ინჟინერს iPod-ის სპეციალური ვერსიის შექმნაში დაეხმარები. ანგარიშს მხოლოდ მე ჩამაბარებ", — განმიცხადა მან.
ამბის ეს პირველი აბზაცი მკითხველს მთელი ისტორიისთვის შესაფერის განწყობას უქმნის. ამბავი, მართლაც, მრავალ ისეთ დეტალს შეიცავს, რომელიც ეფლის ისედაც ბურუსით მოცულ სამყაროს კიდევ უფრო მისტიკურად წარმოაჩენს. მაგალითად ეს ამონარიდი ავიღოთ:
ამ საიდუმლო პროექტის შესახებ ინფორმაცია ეფლის მხოლოდ ოთხ თანამშრომელს ჰქონდა — მე, iPod Software-ის დირექტორს, iPod-ის დანაყოფის ვიცე-პრეზიდენტს და აპარატული მიმართულების უფროს ვიცე-პრეზიდენტს. ამჟამად არცერთი ჩვენგანი აღარ მუშაობს ეფლში. არ არსებობს არანაირი დოკუმენტური ჩანაწერი. ყველაფერი ხდებოდა პირისპირ კომუნიკაციით.
რაც შეეხება იმას, თუ რაზე მუშაობდნენ ინჟინრები, შაიერი განმარტავს:
მათ სურდათ, iPod-ში ჩაეშენებინათ აპარატული ნაწილი, რომლიდანაც ინფორმაცია შეუმჩნევლად იქნებოდა ჩაწერილი iPod-ის შიდა მეხსიერებაზე. გადატანილი ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა ყოფილიყო დამალული მოწყობილობაში, ხოლო თავად iPod გარეგნულად არაფრით არ უნდა ყოფილიყო კომერციული ვერსიისგან განსხვავებული.
შაიერის თქმით, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რისთვის იქმნებოდა მსგავსი ტიპის მოწყობილობა. მოგვიანებით ის მიხვდა, რომ ინჟინრები ქმნიან "უხილავი გეიგერის მთვლელის მსგავს მოწყობილობას, რომელსაც თეორიულად საშუალება ექნებოდა, ჩაეწერა ინფორმაცია რადიოაქტიურობის დონეზე მაშინ, როცა ის ვიზუალურად არაფრით არ განსხვავდებოდა მასობრივი წარმოების iPod-ებისგან".
ისტორია ჯაშუშური დეტექტივის სცენარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს. თუმცა iPod-ის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელის, ტონი ფეიდელის თქმით, ეს ისტორია სრული სიმართლეა.
სრული ამბის წასაკითხად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
კომენტარები