საფრანგეთის სამხრეთში წელს ბუდე 60 000-მა ფლამინგომ დაიდო — ახალი რეკორდი
ფლამინგოებს ვარდისფერი შეფერილობის გარდა სხვა უამრავი უნიკალური თვისება აქვთ. მაგალითად, ისინი ძალიან სოციალური ცხოველები არიან და ხშირად უზარმაზარ ჯგუფებად გადაადგილდებიან. ერთ ასეთ ჯგუფში, შესაძლოა, ათობით ათასი ფრინველი შედიოდეს.
ფლამინგოები მუდმივად თბილი ტემპერატურის ძიებაში არიან. წელიწადის ამ დროს ისინი დიდი ჯგუფებით სამხრეთ საფრანგეთის კამარაგიუს რეგიონში მიფრინავენ ხოლმე. მკვლევრებმა და ადგილობრივმა რეინჯერებმა აღნიშნეს, რომ წელს საფრანგეთის სამხრეთში ფლამინგოების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, რაც კი ოდესმე უნახავთ.
საჰაერო ფოტოგრაფიით მეცნიერებმა 60 ათასამდე ისეთი ფლამინგო აღრიცხეს, რომლებიც დროებით საფრანგეთში დაბანაკდნენ. მოგვიანებით ისინი ესპანეთში, შემდეგ იტალიაში და ბოლოს ჩრდილოეთ აფრიკაში გადაფრინდებიან.
ფლამინგოები მონოგამიურ ცხოვრებას ამჯობინებენ. მდედრი ფრინველი მხოლოდ ერთ კვერცხს დებს, რომელსაც მშობლები ძალიან უფრთხილდებიან. კამარაგიუს რეგიონი, რომელიც მარილიანი წყლებით გამოირჩევა, ბევრი ფრინველისთვის გასამრავლებლად უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ფლამინგოები თავიდან რუხი ფერის არიან და ვარდისფერ შეფერილობას ზრდასრულობისას იძენენ, როცა უხერხემლოებით და წყალმცენარეებით კვებას იწყებენ. ფრინველის ვარდისფერ შეფერილობას სწორედ ეს დიეტა განაპირობებს.
წინა კვირას მეცნიერებმა მოხალისეებთან ერთად 320 პატარა ფლამინგო სპეციალური მარკერებით მონიშნეს, რაც მკვლევრებს ფლამინოგების მიგრაციაზე დაკვირვებაში დაეხმარებათ.
ზუსტად არავინ იცის, რატომ გაორმაგდა ფლამინგოების რაოდენობა საფრანგეთში. თუმცა, ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ეს COVID-19-ის დამსახურებაა. საფრანგეთში ფლამინგოების ბუდობის ადგილი უამრავ ტურისტს იზიდავს, პრევენციული ზომებით განპირობებული ადამიანების და ფრენების ნაკლებობის გამო, როგორც ჩანს, ეს ფრინველები თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ.
კომენტარები