აშშ-ის Space Force კოსმოსში "ეროვნული ინტერესების" დაცვის გეგმას აქვეყნებს
აშშ-ის Space Force (USSF), რომელიც ჯერჯერობით საჰაერო ძალების ნაწილია, დაახლოებით ერთი წელია, არსებობს. თუმცა, როგორც ჩანს, აშშ თავისი ინტერესების გავრცელებას კოსმოსში უკვე ცდილობს.
64-გვერდიან სამხედრო დოკუმენტს, "SpacePower" ჰქვია და იქ აშშ-ის კოსმოსთან მიმართებაში არსებული ინტერესები, ისევე როგორც სააგენტოს მიზნებია წარმოდგენილი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ USSF პასუხობს "ამჟამინდელ რეალობას, სადაც ჩვენმა მეტოქეებმა კოსმოსი საომარ ადგილად აქციეს".
"საომარ ადგილში" არ იგულისხმება, რომ ვიღაცამ ომი დაიწყო; არამედ — მიწის, ჰაერის და წყლის მსგავსად, კოსმოსი გახდა ადგილი, სადაც პოტენციური დაპირისპირება შეიძლება მოხდეს. შესაბამისად "კოსმოსური უშიშროება", როგორც ჩანს, აშშ-ისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგროც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოება.
კოსმოსი, განსაკუთრებით კი დედამიწის ორბიტა, ბევრი სახელმწიფოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსებს შეიცავს: ხელოვნურ თანამგზავრებს, სათვალთვალო დანადგარებს და ა.შ.
მაგალითად, ჩინეთს უკვე აქვს სისტემა, რომელსაც კოსმოსში გაშვებული რაკეტების მოგერიება შეუძლია. ბევრი ვარაუდობს, რომ რუსეთიც მსგავს ტექნოლოგიაზე მუშაობს.
USSF-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ Space Force-ს სამი მთავარი მისია აქვს: კოსმოსში მოქმედების თავისუფლების დაცვა, სამხედრო ლეთალურობის და ეფექტიანობის ხელშეწყობა და მთავრობის დახმარება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების შესრულებაში.
USSF-ის დოკუმენტის თანახმად, კოსმოსური უშიშროება, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო უშიშროებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამ სამხედრო შტოების თანამშრომლობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში შეიცვლება, სამწუხაროა, რომ კოსმოსი უკვე ოფიციალურად ომის წარმოებისთვის განიხილება. როგორც ჩანს, ადამიანური კონფლიქტი დედამიწის საზღვრებს გასცდა.
კომენტარები