"მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭე" ციმბირში გაფართოებას განაგრძობს
ციმბირის "მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭე" ზრდას განაგრძობს — ტერიტორია კლიმატის ცვლილებების გამო თანდათან ცხელდება.
ოფიციალურად ცნობილი როგორც ბატაგაიკის კრატერი, კილომეტრის სიგრძისაა და იაკუტიას რეგიონში მდებარეობს. 1960-იან წლებამდე თავკომბალის ფორმის ეს ნაპრალი მომცრო ღელის ზომის იყო, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტემპერატურის მატების გამო იგი ზომაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თუკი მუდმივად მზრალი ნიადაგი ფერდობზე დადნობას დაიწყებს, ნიადაგი ჩამოიშლება და ჩავარდნილ ადგილებს მივიღებთ. ასეთი რამ თითქმის მთელ ციმბირში ხდება, თუმცა ბატაგაიკაში ეს პროცესი განსაკუთრებით მძაფრად მიმდინარეობს. იდუმალი ვიზუალის ქონის გამო მას ადგილობრივებმა მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭე უწოდეს.
ტემპერატურა კი ზრდას განაგრძობს, რაც ყინულს ადნობს. წყალს არსებული ნარჩენები გადააქვს და ღარს უფრო მეტად აფართოებს. სიტუაცია ამ ზაფხულს განსაკუთრებით გამძაფრდა: ციმბირში ტემპერატურა საშუალოზე 10 გრადუსით მაღალი იყო. ერთ-ერთმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა კი ივნისში ქალაქ ვერხოიანსკში 38 გრადუსი დააფიქსირა.
მეცნიერებს აინტერესებთ, თუ რა გავლენა ექნება მიმდინარე ზაფხულს ბატაგაიკაზე. ბოლო ათლეულების განმავლობაში იგი ყოველწლიურად 10 მეტრით დიდდებოდა, მაგრამ 2016 წლიდან ეს მაჩვენებელი 12-14 მეტრამდე გაიზარდა. ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ გაფართოების ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.
"ციმბირი კლიმატის ცვლილებების ცენტრად იქცა, იგი დანარჩენ პლანეტაზე სწრაფად თბება. მიმდინარე ზაფხული კი საკმაოდ დრამატული მოვლენებით სავსე აღმოჩნდა — იქნება ეს საწვავის გაჟონვა თუ ტყის ხანძრები", — განაცხადა რუსეთის გარემოს დამცველთა მოძრაობის ველური ბუნების განყოფილების ხელმძღვანელმა გრიგორი კუკსინმა.
კომენტარები