დეველოპერმა ძველი Mac OS 8 აპლიკაციად აქცია
Slack-ის დეველოპერმა, ფელიქს რიზბერგმა მოძველებული Mac OS 8 აპლიკაციად აქცია, რომლის დაყენებაც ვინდოუსზე, ლინუქსზე და MacOS-ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს დეველოპერის მიერ მთლიანი ოპერაციული სისტემის აპლიკაციად გადაკეთების პირველი მცდელობა არაა — მან ჯერ კიდევ 2018 წელს აპლიკაციად Windows 95 აქცია. ახლა კი რიზბერგმა 1991 წელს გამოშვებული Macintosh Quadra და Mac OS 8.1 დააპორტირა. მასში თქვენ ასევე აღმოაჩენთ რამდენიმე აპლიკაციას და თამაშს, რომლისთვისაც დეველოპერმა MacWorld-ის 1997 წელს გამოშვებული სადემონსტრაციო CD დისკი გამოიყენა.
აპლიკაცია macintosh.js თავიდან ბოლომდე JavaScript-ზეა დაწერილი, ხოლო Macintosh Quadra-ს სიმულაციისთვის გამოყენებულია ვირტუალური მანქანა მოტოროლას პროცესორით, რომელსაც ეფლი IBM-ის PowerPC პროცესორებამდე იყენებდა. რიზბერგმა ოპერაციული სისტემის ემულატორში დაამატა ისეთი თამაშები, როგორებიცაა Duke Nukem 3D, Civilization II, Dungeons & Dragons და სხვები.
დეველოპერმა ესეც არ იკმარა და აპლიკაციად ქცეულ ოპერაციულ სისტემაში რამდენიმე იმ დროისთვის მნიშვნელოვანი აპლიკაციაც დააყენა, კერძოდ — Photoshop 3, Premiere 4, Illustrator 5.5, Hitleit Expander და ეფლის ვებგვერდების შექმნისთვის საჭირო პროგრამა.
მიუხედავად იმისა, რომ ემულაციაში თქვენ დაგხვდებათ Internet Explorer და Netscape, მათი ვერსიები იმდენად ძველია, რომ რიზბერგის თქმით, მათი გამოყენებით თქვენ გუგლის ვებგვერდსაც კი ვერ გახსნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ნამდვილად შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ 90 წლების Mac OS სრულად JavaScript-ზე დააპორტირეს.
ემულირებული ოპერაციული სისტემის ზომა არ აღემატება 250 მბ-ს და მისი გადმოწერა GitHub-დან შეგიძლიათ. ახლა ის დროა, ცოტა დროში იმოგზაუროთ.
კომენტარები