გერმანული კვლევის მიხედვით, ძაღლებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ
ჰანოვერის ვეტერინარული უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით აღმოჩენა გამაოგნებელი სიზუსტით შეუძლიათ. შემოწმებების დროს მათ აღმოაჩინეს, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების 8 ძაღლმა კორონავირუსის არსებობა 94% შემთხვევაში სწორად ამოიცნო.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მეთოდი მუშაობს, რადგან როდესაც პაციენტს დაავადება აქვს, მის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პრცესები სრულიად იცვლება. ჩვენი აზრით, ძაღლებს შეუძლიათ, რომ ამ პროცესის დამახასიათებელი სუნი შეიგრძნონ", — განაცხადეს მკვლევრებმა.
ძაღლების ყნოსვის უნარი აეროპორტებსა და სხვა დაწესებულებებში როგორც კონტრაბანდის, ასევე ასაფეთქებლების ამოცნობაში გამოიყენება.
"ადამიანებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუანალიზებიათ, რომ ძაღლებს ავადმყოფი ადამიანის ჯანმრთელებისგან გამორჩევაც შეუძლიათ", — განაცხადა ჰანოვერის ვეტერინარული უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოლგერ ვოლკმა.
ექსპერიმენტის დროს COVID-19-ის ნიმუშები შემთხვევითობის პრინციპით იყო არეული: არც მკვლევრებმა და არც ძაღლების მწრთვნელებმა არ იცოდნენ, რომელი ნიმუში გახლდათ ვირუსის მატარებელი და რომელი არა. შესაბამისად ეს პრობლემა მხოლოდ ძაღლებს უნდა გადაეწყვიტათ, თანაც მწრთვნელების დახმარების გარეშე.
მკვლევრების თქმით, ძაღლების ყნოსვის უნარი შეგვიძლია, ისეთ ადგილებში გამოვიყენოთ, როგორებიც, როგორც წესი, ადამიანებით მუდმივად დატვირთულია: იქნება ეს აეროპორტები, სპორტული ღონისძებები, ქვეყნის საზღვრები თუ, უბრალოდ, ხალხმრავალი შეკრებები.
კომენტარები