Producthunt: სოციალური ქსელების ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა — ViralStat
სოციალური მედიის მენეჯერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კომპანიის გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების ანალიტიკა. ხშირად სოციალური ქსელის ანალიტიკის სტანდარტული ნაკრები ამისთვის საკმარისი არ არის ხოლმე. გარდა ამისა, როცა საქმე გვაქვს სხვადასხვა სოციალურ ქსელთან, ყველა ანალიტიკური მონაცემის მონიტორინგი ერთიან სივრცეში საქმეს საგრძნობლად გაამარტივებდა.
ზუსტად ამისთვის შეიქმნა ViralStat, რომელიც დაგეხმარებათ გაანალიზოთ და ერთმანეთს შეადაროთ შედეგები ფეისბუქზე, იუთუბზე, ტიკტოკსა და ინსტაგრამზე. ტრენდების მონიტორინგი კი დაგეხმარებათ, თქვენი გვერდი აუდიტორიისთვის უფრო საინტერესო გახადოთ.
აღნიშნული პლატფორმის საშუალებით სოციალური მედიის მენეჯერებს აღარ მოუწევთ იმის გამოცნობა, თუ რა მუშაობს და რა არა. სანაცვლოდ, მარტივი იქნება იმის გაგება, რა აინტერესებთ ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ნებისმიერ პლატფორმაზე არსებული ტრენდების შესახებ.
ViralStat გაძლევთ საშუალებას, შექმნათ ინდივიდუალური კოლექციები, რომლებიც აერთიანებენ თქვენს სოციალურ არხებს და ვიდეოკამპანიებს სხვადასხვა პლატფორმაზე, ინფლუენსერების სამართავ პანელს და ბევრ სხვა საჭირო ხელსაწყოს.
პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალი ასე გამოიყურება:
- ანალიტიკა — მიიღეთ წვდომა ფეისბუქის, იუთუბის, ინსტაგრამის და ტიკტოკის პროფილებისა და ვიდეოკონტენტის სტატისტიკურ მონაცემებზე;
- მონიტორინგი — შეამოწმეთ დღიური პროგრესი თქვენი მართვის ქვეშ მყოფ გვერდებზე, გამოქვეყნებულ ვიდეოზე თუ ჰეშთეგის პოპულარობაზე;
- აღმოჩენა — მოიძიეთ კონტენტის შექმნის იდეები;
- რეიტინგი — გაიგეთ გვერდის, ვიდეოს თუ სურათის დღიური რეიტინგი;
- ტრენდი — შეამოწმეთ იუთუბის ტრენდული ვიდეომასალა ან ტიკტოკის ტრენდული ჰეშთეგი და მელოდია;
- ჭკვიანი საქაღალდე — შექმენით ინდივიდუალური კოლექციები, სადაც გააერთიანებთ ასობით გვერდსა და ვიდეოს: გვერდებს, რომლებიც გამოწერილი გაქვთ და ვიდეომასალის შედეგებს ყველა პლატფორმიდან;
- მეილ-შეტყობინება — მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ტრენდების, რეიტინგისა და გვერდების შესახებ;
- იუთუბ რეკლამის ხელსაწყო — მოახდინეთ იუთუბზე რეკლამის განთავსების ოპტიმიზაცია აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობით.
პლატფორმა ჯერ განვითარების ეტაპზეა და მისი შემქმნელები მომავალში ბევრ სიახლეს გვპირდებიან.
კომენტარები