კაცებს, რომლებიც პორნოგრაფიას ხშირად უყურებენ, ერექციული დისფუნქცია მეტად აწუხებთ
პორნოგრაფიის მოხმარებასა და ადამიანების სექსუალობას შორის კავშირის შესწავლა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. უროლოგიის ევროპული ასოციაციის კონგრესზე ამ თემაზე მკვლევრებმა დაუსრულებელი კვლევა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, პორნოგრაფიის მაყურებელ კაცებში ერექციული დისფუნქცია სექსის დროს უფრო ხშირია.
კვლევის ფარგლებში, გამოკვითხვაში მონაწილეობა 3 267-მა კაცმა მიიღო. გამოკითხვის მიხედვით, პორნოგრაფიის მაყურებელი 35 წლამდე კაცების 23 პროცენტს სექსის დროს ერექციული დისფუნქცია ხშირად აწუხებს.
"ეს იმაზე მაღალი რიცხვია, ვიდრე ველოდით", — ამბობს კვლევის თანაავტორი, — "პორნოსთვის დათმობილი დროის რაოდენობას და ერექციულ დისფუნქციას შორის მჭიდრო კავშირია".
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად არავინ იცის, როგორ აისახება პორნოგრაფია ჩვენს ფიზიოლოგიაზე, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ პორნოგრაფიის ხშირი მოხმარება კაცების სექსისადმი დამოკიდებულებაზე მოქმედებს. კვლევაში მონაწილეთა 20-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ აღგზნებისთვის მათ უფრო და უფრო "ექსტერემალური" პორნოგრაფიის ყურება სჭირდებათ.
წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, პორნოგრაფია კაცებში რეალური სექსისადმი არარეალისტურ მოლოდინებს ამკვიდრებს. შესაბამისად, პორნოგრაფიის გადაჭარბებული ოდენობით მოხმარებისას კაცებისთვის რეალური სექსი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შეიძლება გახდეს.
უროლოგთა კონგრესზე კიდევ ერთი საინტერესო კვლევა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, წინა ათწლეულთან შედარებით კაცები თავიანთი პენისის ფორმით უფრო უკმაყოფილონი არიან. კაცების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი "პეირონის დაავადებაა", რომელიც პენისის გარკვეული კუთხით გადახრას იწვევს.
ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული გენიტალური ანატომიური დარღვევები ბოლო დროს გახშირდა. სექსუალური ჯანმრთელობა ახლა ნაკლებად ტაბუდადებულია და მკურნალობაც უფრო ეფექტიანი გახდა. შესაბამისად, სექსუალურ ჯანმრთელობაზე უფრო და უფრო მეტი კაცი ზრუნავს.
კომენტარები