Sony-ის ახალი პირადი კონდიციონერების ყიდვა უკვე შესაძლებელია
Sony-ის პირადი კონდიცინერი, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია. კონდიციონერი სპეციალურ მაისურთან ერთად მუშაობს — იგი მაისურის უკანა მხარეს, კისრის ქვემოთ მაგრდება და მის მატარებელს ცხელი ამინდების დაძლევაში ეხმარება.
მოწყობილობის ის მხარე, რომელიც მისი მატარებლის ზურგს ეხება, სიგრილეს ინარჩუნებს, პატარა ვენტილატორის მეშვეობით კი სითბო გარეთ გამოიყოფა. კონდიციონერის მართვა მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. მისი დახმარებით შეგიძლიათ, ან თავად განსაზღვროთ ტემპერატურა, ან ავტომატური რეჟიმი დაიხმაროთ, რომელიც როგორც ტემპერატურას, ასევე მოძრაობასაც ითვალისწინებს და იმის მიხედვით მუშაობს, თუ რა აქტივობითაა დაკავებული მისი მატარებელი.
მოწყობილობის გამოყენება ასევე ზამთარშიცაა შესაძლებელი. ამ დროს ის პირიქით მოქმედებს და მატარებლის სხეულის ტემპერატურას ზრდის. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი კომპაქტური ზომის გათვალისწინებით, ელემენტები მხოლოდ ორიდან ოთხ საათამდე ძლებენ — ზუსტი ხანგრძლივობა მისი მატარებლის აქტიურობაზეა დამოკიდებული.
გასულ ზაფხულს Sony-მ მოწყობილობის ორი ვერსია დააანონსა: ერთი, რომელიც მხოლოდ ხელით კონტროლირდება და მეორე, სტანდარტული ვერსია, რომელსაც ავტომატური რეჟიმის მხარდაჭერა აქვს. მოწყობილობა Sony-ს ონლაინ მაღაზიაში 120 დოლარი ღირს, ხოლო ამაზონზე იგი 160 დოლარი ჯდება.
კომენტარები