LinkedIn-ის ახალი ფუნქცია კონტაქტებს თქვენი სახელის სწორად წარმოთქმას ასწავლის
LinkedIn-მა მომხმარებლის პროფილის გვერდზე 10-წამიანი აუდიოჩანაწერის მიმაგრების ფუნქცია დაამატა, რაც სხვებს თქვენი სახელის სწორად წარმოთქმაში დაეხმარება.
საკუთარი სახელის აუდიოჩანაწერის ატვირთვა LinkedIn-ის iOS და ანდროიდ აპლიკაციებიდან შეგიძლიათ, ხოლო მათი მოსმენა ვებ ვერსიაშიც შესაძლებელია. იმისთვის, რომ დაამატოთ აუდიოჩანაწერი, მობილურ აპლიკაციაში პროფილის რედაქტირების გვერდზე უნდა გადახვიდეთ და დააჭიროთ ღილაკს, Record name pronunciation (ჩაწერეთ სახელის წარმოთქმა). დეტალურ ინსტრუქციას შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ.
აღნიშნული ფუნქცია უკვე წლებია არსებობს სხვა სოციალურ ქსელებში, თუმცა LinkedIn-ზე ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. სიახლე შეამცირებს უხერხულ მომენტებს ახალ ადამიანებთან საქმიანი საუბრის დაწყებისას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პანდემიის გამო პირისპირ შეხვედრები რეკომენდებული არაა.
"ყველა, მათ შორის მეც, სხვების სახელების წარმოთქმისას ვუშვებთ შეცდომას", — ყვება LinkedIn-ის პროდუქტების მენეჯერი, ჯოზეფ აკოუნი, — "მე თავად გამოვცადე მსგავსი რამ, როცა საქმე ჩემს ნიგერიულ მეორე სახელს ეხებოდა, 99%-იანი ალბათობით მას პირველ ცდაზე შეცდომით წარმოთქვამენ".
LinkedIn-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელის 690 მილიონი მომხმარებელი ახალ ფუნქციას ამ თვეში მიიღებს.
ახლა მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლებმა ფუნქციის არამიზნობრივად გამოყენება არ დაიწყონ და სახელის სწორი წარმოთქმისთვის განკუთვნილი 10-წამიანი აუდიოჩანაწერი საკუთარი CV-ის აუდიოვერსიად არ აქციონ.
კომენტარები