მკვლევრებმა ახალი, უჩვეულო ნაწილაკი აღმოაჩინეს
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) LHCb ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებმა პირველად უჩვეულო ნაწილაკზე დაკვირვება მოახერხეს, რომელიც ოთხი C კვარკისგან შედგება.
ეს მიგნება მეცნიერებს სუბნაწილაკების — კვარკების უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს, რომლებიც ნაწილაკებისთვის ერთგვარ საშენ მასალას წარმოადგენენ. ისინი ერთად ჰადრონებს, პროტონებისა და ნეიტრონების შემცველ ნაწილაკებს ქმნიან. ამ აღმოჩენით კი მკვლევრები შეძლებენ გაიგონ, თუ როგორ ახერხენებ კვარკები მსგავსი კომპოზიციების შექმნას.
როგორც წესი, ჰადრონების შესაქმნელად კვარკები ორად ან სამად ერთიანდებიან ხოლმე. ათწლეულების განმავლობაში არსებობდა თეორიები, რომ ოთხ და ხუთ-კვარკიანი ჰადრონებიც არსებობდა. ბოლო წლებში მიმდინარე რამდენიმე, მათ შორის LHCb-ის ექსპერიმენტმა კი ზოგიერთი ასეთი ჰადრონის არსებობა დაადასტურა.
ამ უჩვეულო კომბინაციით მიღებული ნაწილაკები ძლიერი ურთიერთქმედების შესწავლისთვის იდეალურ "ლაბორატორიას" წარმოადგენს. მსგავსი ურთიერთქმედებით გამოწვეული მიზიდულობის წყალობით პროტონები და ნეიტრონები ატომის ბირთვში ერთიანდებიან.
"დღვანდელი აღმოჩენა სამეცნიერო სამყაროს ახალ შესაძლებლობებს ჰპირდება და ჩვენი თეორიის შემოწმების საშუალებას გვაძლევს. ეს ნაწილაკი უჩვეულოა, იგი ორისა ან სამის ნაცვლად ოთხი კვარკისგან შედგება", — განაცხადა მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა კრის პარკსმა, — "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ სხვა ნაწილაკებსაც აღმოვაჩენთ და კვარკების გაერთიანების შესახებ არსებულ ჩვენს თეორიას შევამოწმებთ".
აქამდე აღმოჩენილი ტეტრაკვარკების მსგავსად, ჯერჯერობით უცნობია ახალი ნაწილაკი "ნამდვილი ტეტრაკვარკია" თუ არა — ანუ შეადგენს თუ არა მოლეკულური სტრუქტურის მსგავს ოთხი კვარკის მჭიდრო კავშირს ან ორი წყვილი კვარკის სუსტ კავშირს. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი ნაწილაკი მეცნიერებისთვის მნიშნელოვანია და მან, შესაძლოა, სხვადასხვა აღმოჩენას დაუდოს საფუძველი.
კვლევა 30 ივნისს პრეპრინტ სერვერზე arXiv-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები