სამხრეთ კორეაში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო — KCDC
სამხრეთკორეელი ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, მიუხედავად ინფიცირებულთა შედარებით დაბალი მაჩვენებლისა, ქვეყანა პანდემიის მეორე ტალღაში იმყოფება.
სამხრეთ კორეა კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, თუმცა, ამჟამინდელი გათვლებით, ქვეყნის შიგნით პანდემია კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (KCDC) ხელმძღვანელმა, იანგ იუნ კიონმა განაცხადა, პირველი ტალღა აპრილამდე გაგრძელდა, ხოლო მაისიდან მოყოლებული ახალ შემთხვევათა კლასტერების მატება აღინიშნა. მათ შორის აღმოჩნდა ეპიდაფეთქება სეულის ღამის კლუბებში.
ამ ორ პერიოდს შორის დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-დან 0-მდე ჩამოვიდა და ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდა.
ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში 17 ახალი ინფიცირებული ჰყავდათ, რომლებიც სხვადასხვა კლასტერის (დიდი საოფისე სივრცეები და საწყობები) წარმომადგენლები იყვნენ.
ექიმ კიონის განცხადებით, ამ მონაცემების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ქვეყანა პანდემიის მეორე ტალღაში შევიდა. სავარაუდოდ, ეს პერიოდი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. აქამდე KCDC აცხადებდა, რომ სამხრეთ კორეა კორონავირუსის პირველ ტალღაში იმყოფებოდა.
ასევე ორშაბათს, დედაქალაქის სამხრეთით მდებარე ქალაქ დაეიონში საჯარო სივრცეებში (მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში) მოქალაქეთა შეკრება აიკრძალა. ამის მიზეზი ინფიცირებულთა მცირე კლასტერების გაჩენა გახლდათ.
გამორიცხული არ არის, რომ დედაქალაქი მკაცრი სოციალური დისტანციის წესებს დაუბრუნდეს. ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ შემდეგი 3 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 30-ზე მეტი იქნება, ხოლო დედაქალაქის კლინიკებში თავისუფალი საწოლი ადგილები 30%-მდე შემცირდება. ამ ტექნიკურ დეტალებზე მედიასთან სეულის მერმა ისაუბრა.
სამხრეთ კორეამ კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრი კარანტინი თავიდან აირიდა. ამისათვის ისინი ნებაყოფლობით სოციალურ დისტანციას და ინფიცირებულთა აგრესიული ძებნისა თუ ტესტირების პოლიტიკას იყენებდნენ.
ქვეყნაში დაინფიცირების პირველი შემთხვევა 20 იანვარს დადასტურდა. კორონავირუსით სამხრეთ კორეაში სულ 12 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 280 გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში 1,277 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
კომენტარები