დექსამეტაზონი COVID-19-ის მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობის რისკს დაბლა წევს
გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო ექსპერტთა მიხედვით, დექსამეტაზონი, რომელიც იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მედიკამენტია, სასიკვდილო ვირუსთან ბრძოლაში იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. მათი თქმით, სტეროიდის დაბალი დოზით მკურნალობის შედეგად ხელოვნური სუნთქვის აპარატსა და ჟანგბადზე მიერთებულ პაციენტებში სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მედიკამენტი მსოფლიოში ყველაზე დიდმასშტაბიანი ტესტირების ფარგლებში გამოსცადეს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე არსებულ მკურნალობათა ეფექტიანობას შეისწავლის. მკვლევრების ვარაუდით, დექსამეტაზონი გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის აფეთქებისთანავე რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, 5 ათასამდე სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ. წამლის სიიაფის გამო მედიკამენტით განსაკუთრებით იმ ღარიბმა ქვეყნებმა შეიძლება ნახონ სარგებელი, რომლებიც დღეს ვირუსით დიდი რაოდენობით ინფიცირებულებს უმკლავდებიან.
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა მარტივად ემორჩილება მკურნალობას. თუმცა არიან ისეთი პაციენტებიც, რომელთაც ჟანგბადზე ან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მიერთება ესაჭიროებათ. ისინი მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტები არიან და, როგორც ჩანს, მათ უკეთ გახდომაში დექსამეტაზონმა გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს.
დღეისთვის მედიაკმენტი სხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებში ანთების შესამცირებლად უკვე გამოიყენება და, როგორც ვარაუდობენ, მას ასევე ორგანიზმში იმ მავნე პროცესების შენელებაც შეუძლია, რომლებიც სხეულის მიერ კორონავირუსთან შებრძოლებით გამოწვეული იმუნური სისტემის გადატვირთვისას იწყებენ მოქმედებას.
სხეულის ამგვარ გადამეტებულ რეაქციას ციტოკინური შტორმი ეწოდება და ის სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის თაოსნობით ჩატარებული კვლევისას დაახლოებით 2 ათას ჰოსპიტალიზებულ პაციენტს დექსამეტაზონი დაუნიშნეს და შედეგები იმ 4 ათას პაციენტის მდგომარეობასთან შეადარეს, რომლებსაც ეს მედიკამენტი არ მიუღია.
ფილრვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ ინფიცირებულებში წამალმა სიკვდილის რისკი 40-დან 28 პროცენტამდე შეამცირა; ხოლო ჟანგბდზე მიერთებული პაციენტების შემთხვევაში სიკვდილის რისკი 25-დან 20 პროცენტამდე დაეცა.
"ეს ჯერჯერობით ერთადერთი მედიკამენტია, რომელმაც სიკვდილიანობის კლება აჩვენა. თანაც კლების ეს მაჩვენებელი ერთობ მნიშვნელოვანი გახლავთ. ეს უდიდესი გარღვევაა", — ამბობს მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი.
პროფესორ მარინ ლენდრეის თქმით კი, ეს აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ყოველი რვა პაციენტიდან ამ მკურნალობით ერთის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. ჟანგბადზე მიერთებული პაციენტებისთვის მედიკამენტი ყოველ 20/25-ე ინფიცირებულს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.
"ეს აშკარა სარგებელია. დექსამეტაზონით მკურნალობა 10 დღემდე გრძელდება და თითო პაციენტისთვის ყოველი დღე £5 (დაახლოებით, 20 ლარი) ჯდება. თანაც ეს მედიკამენტი მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი".
პროფესორი ლენდრეის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოებმა პაციენტებისთვის ამ მედიკამენტის მიცემა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ, თუმცა ადამიანებმა საკუთარი ინიციატივით წამლის აფთიაქებში ყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.
ამჟამინდელი მონაცემებით, დექსამეტაზონი მსუბუქი სიმპტომების მქონე ისეთ პაციენტებში, რომელთაც სუნთქვის მნიშვნელოვანი პრობლემები არ აღენიშნებათ, უსარგებლოა.
კვლევა მარტის დასაწყისიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, ჰიდროქსიქლოროქინიც შეამოწმეს. დღეისთვის ეს უკანასკნელი კორონავირუსის მკურნალობისთვის უსარგებლოდაა მიჩნეული, რადგან სიკვდილიანობისა და გულის დაავადებების რისკებს ზრდის.
კიდევ ერთი მედიკამენტი, რემდესივირი, მიჩნეულია, რომ კორონავირუსით დაავადებულებში გამოჯანმრთელების პერიოდს ამოკლებს.
კომენტარები