ინსტაგრამი, როგორც ახალი ამბების წყარო, პოპულარობით მალე ტვიტერს გაუსწრებს
ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ფოტოსურათების გაზიარების სოციალურ ქსელს, ინსტაგრამს, ახალი ამბების გასაგებად თითქმის ისევე ხშირად იყენებენ, როგორც ტვიტერს.
Reuters Digital News 2020-ის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2018 წლიდან მოყოლებული ინსტაგრამის ახალი ამბების წყაროდ გამოყენების შემთხვევები გაორმაგდა.
აღნიშნული ტენდენცია, ძირითადად, ახალგაზრდებში ძლიერდება. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 18-24 წლამდე ბრიტანელების თითქმის მეოთხედი ინსტაგრამს კორონავირუსის შესახებ ახალი ცნობების მისაღებად იყენებდა.
გამოკითხულთა მხოლოდ 26% აცხადებს, რომ ენდობა სოციალურ ქსელებს როგორც ვირუსის შესახებ ინფორმაციის სანდო წყაროს. გამოკითხულთა მეორე მეოთხედი კი აცხადებს, რომ ენდობა სიახლეებს, რომლებიც Facebook Messenger-ისა და WhatsApp-ის ჩატში ვრცელდება.
სამთავრობო ცნობებს და მსხვილ მედიასაშუალებებს გამოკითხულთა 59% ენდობა.
ინსტაგრამს გამოკითხულთა მესამედი, ხოლო 25 წლამდე ასაკის რესპოდენტებში ორი მესამედი იყენებს. აქედან გამოკითხვაში მონაწილეთა 11% ინსტაგრამს ახალი ამბების გასაგებად იყენებს — ამ მაჩვენებლით სოციალური ქსელი ტვიტერს მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება.
"ინსტაგრამი სულ უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში", — აცხადებს ანგარიშის მთავარი ავტორი, ნიკ ნიუმანი, — "ისინი უკეთ რეაგირებენ ე.წ. სთორებზე, რომლებიც ვიზუალური კონტენტით მარტივად და გასაგებად გადმოსცემენ ამბავს".
ჟურნალისტიკის სფეროში ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. სოციალური ქსელების ეპოქაში კი აღნიშნული ნდობის შენარჩუნება სულ უფრო რთულდება იმის ფონზე, როცა შეთქმულების თეორიები ვირუსულად ვრცელდება და ამით ნამდვილი ამბების აუდიტორიამდე მიწოდების პროცესი ფერხდება.
"ჩვენ დავინახეთ, როგორ გაიზარდა მსხვილი მედიასაშუალებებისა და მთავრობის მიმართ ნდობა კარანტინის გამოცხადების დროს. თუმცა მოგვიანებით, აპრილსა და მაისში ნდობის ეს მაჩვენებელი 11%-ით შემცირდა", — აცხადებს ნიუმანი.
ცხრა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ უმეტესობა ახალი ამბის გასაგებად მიმართავს ისეთ წყაროებს, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებისადმი "საკუთარი გამოხატული პოზიცია არ გააჩნია". აღნიშნული დამოკიდებულება განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და დანია.
ამის საპირწონედ, აშშ-ში გამოკითხულთა უმეტესობას ახალი ამბის გაგება იმ მედიასაშუალებიდან ურჩევნია, რომლის პოზიციაც მათ პირად შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
კომენტარები