PlayStation 5, ახალი თაობის კონსოლი, აქსესუარები და თამაშები — შეჯამება
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სონიმ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი, PlayStation 5 გვაჩვენა. კონსოლი, როგორც ველოდით, ახალი კონტროლერის მსგავსად, შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.
კონკურენტი Xbox Series X-ის მსგავსად, ახალი PlayStation 5 როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად დგება. კონსოლი ორი ვერსიით იქნება წარმოდგენილი, საიდანაც ერთს 4K Blu-ray დისკის წამკითხველის მხარდაჭერა ექნება, ხოლო მეორე, სრულიად ციფრული ვარიანტი, დისკის ოპტიკური წამკითხველის გარეშე იმუშავებს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ PS5 Digital Edition დისკის წამკითხველის არქონის გამო შედარებით იაფი იქნება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ჯერჯერობით არც კონსოლის ფასები დაუსახელებია და არც ის, თუ როდის იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი.
PS5-ის ზედა ნაწილში თქვენ სავენტილაციო ჭრილს შეამჩნევთ, ხოლო კონსოლის წინა მხარეს USB-A და USB-C პორტები განლაგდა.
ახალ კონსოლთან ერთად კომპანიამ თანხმლები აქსესუარებიც დააანონსა: განახლებული HD კამერა ორმაგი 1080p ლინზით, Pulse 3D უსადენო ყურსასმენები, დისტანციური და ხმოვანი ბრძანებების შესრულების ფუნქციის მქონე მართვის პულტი და უსადენო DualSense კონტროლერებისთვის განკუთვნილი დამტენი სადგამი.
სონი, მაიკროსოფტის მსგავსად, საკუთარი ახალი თაობის კონსოლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად ამჟღავნებდა. PS5-მა მოდიფიცირებული 8-ბირთვიანი AMD Zen 2 პროცესორი მიიღო, რომლის ტაქტური (ცვალებადი) სიხშირე 3.5 გჰც-ს შეადგენს. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, მის ადგილს AMD RDNA 2-ის ბაზაზე შექმნილი ვიდეო ბარათი დაიკავებს, რომლის სიმძლავრეც 10.28 ტერაფლოპს აღწევს.
PlayStation 5-ის მნიშვნელოვანი ცვლილება კი მის დაპატენტებულ 825 გბ-იან SSD-ის უკავშირდება, რომლის წარმადობა 5.5 გბ/წმ შეადგენს. კომპანია თამაშების სწრაფი წაკითხვისთვის მათ ინსტალაციას შიდა მეხსიერებაზე მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ Epic Games-მა Unreal 5 წარმოადგინა, რომელიც სტუდიურ 8K გრაფიკის ხარისხს არაფრით ჩამოუვარდება. PS5-ს 8K-სთან ერთად 120 ჰც-იანი განახლების სიხშირით 4K გრაფიკის და 3D აუდიო ჟღერადობის მხარდაჭერაც ექნება.
გარდა ამისა, PS5-ს წინა თაობის კონსოლზე არსებული 4 ათასი თამაშიდან უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ექნება. კომპანიის თქმით, ძველი თაობის თამაშების ახალ კონსოლზე გაშვებისას გეიმერები უფრო სტაბილურ კადრის განახლების სიხშირეს და მაღალ გაფართოებას მიიღებენ. Ubisoft-ის თქმით კი, Assasin’s Creed Valhalla ახალ PS5-ზე მისი გაყიდვების დაწყებისთანავე იქნეა ხელმისაწვდომი.
თამაშები
საერთო ჯამში, სონიმ PlayStation 5-ის იმ 26 ახალი თამაშის ტრეილერი წარადგინა, რომელთაგან ბევრს პირველად შევავლეთ თვალი. ქვემოთ რამდენიმე მათგანს მოკლედ მიმოვიხილავთ.
GTA V
Rockstar-მა GTA V-ის PS5-ზე გამოსვლა დააანონსა. თამაში თავდაპირველად PS3-ზე და შემდეგ PS4-ზე გამოვიდა, თუმცა PS5-ზე სტუდიამ ვიზუალური ეფექტების მნიშნელოვანი გაუმჯობესება გადაწყვიტა. თამაში 2021 წელს გამოვა და PS Plus-ის ანგარიშის მფლობელები მას გამოსვლისთანავე, სრულიად უფასოდ მიიღებენ.
Spider Man: Miles Morales
თამაში კონსოლის გამოსვლასთან ერთად გახდება ხელმისაწვდომი. მის ტექნიკურ სადემოსნტრაციო ვიდეოში მთავარი აქცენტი გაკეთებეულია ქალაქის ჰორიზონტის სწრაფ რენდერზე, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია.
Hitman III
Hitman-ის ეს ვერსია PS5-თან ერთად PS4-ზეც გამოვა. IO Iteractive-მა გაგვიზიარა ტრეილერი, რომელზეც აღბეჭდილია დუბაიში განვითარებული სცენარი. მიუხედავად იმისა, რომ რგოლი დეჟავუს შეგრძნებას ტოვებს, სანახაობა მაინც ნამდვილად შთამბეჭდავია.
Gran Turismo 7
ამ ფრენჩაიზმა უკვე მიაღწია ფოტორეალისტურ გამოსახულებას, თუმცა აღნიშნული ტრეილერით სონის, როგორც ჩანს, ყურადღების გამახვილება PS5-ის აუდიო შესაძლებლობებზე უნდოდა.
Resident Evil 8: Village
Capcom-ის პოპულარული Resident Evil-ის რიგით მე-8 თავი PS5-ზე 2021 წელს გამოვა. RE7-ის მსგავსად, თამაშში მოქმედება პირველი პირისგან ვითარდება, რაც საშინელებათა ჟანრისთვის საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. ტრეილერში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, თუმცა შესამჩნევია მტრების ვიზუალური მსგავსება Resident Evil 4-თან.
ღონისძიების ფარგლებში კიდევ რამდენიმე საინტერესო და მოსალოდნელი თამაშის ანონსიც შედგა. თითოეული მათგანის მიზანი ახალი სათამაშო კონსოლის პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენა იყო. შედეგები ნამდვილად განმაცვიფრებელია და ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის გახდება ცნობილი PlayStation 5-ის ღირებულება და მისი გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი.
კომენტარები